სათამაშო პრაქტიკა და ნაკრებში (U21) თამაშის ამბიცია| რატომ წავიდა ქარსელაძე მე-3 ლიგაში
„რიუ ავეს’’ 20-წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქარსელაძე კარიერას იჯარის წესით „აკადემიკა კოიმბრაში’’ გააგრძელებს. ისტორიული კლუბია, რომელიც გასულ სეზონში მესამე ლიგაში გავარდა.
CrystalSport-ის ცნობით, ქარსელაძეს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, რანგით მეორე ლიგის რამდენიმე კლუბი იწვევდა, თუმცა „რიუ ავეს’’ ფეხბურთელის გაშვება არ სურდა, რამაც დაინტერესებული კლუბების მცდელობას ხელი შეუშალა. „რიუ ავე’’ ქარსელაძეს არც „აკადემიკა კოიმბრაში’’ უშვებდა, თუმცა საბოლოოდ კლუბმა უკან დაიხია და ერთი სეზონით ფეხბურთელის განათხოვრებას დათანხმდა.
გასული სეზონის მიმდინარეობისას ქარსელაძე მუდმივად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა კლუბში ჯანსაღი გარემო არ იყო, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დაპირებების მიუხედავად ქარსელაძეს სათამაშო დროს არ აძლევდნენ. ასეთი გარემო ნებისმიერი ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 20 წლის ასაკში პირველ გუნდში ვარჯიში და 23-წლამდე გუნდში თამაში განვითარებისთვის საკმარისი არაა, კაცებთან ერთად და კაცების წინააღმდეგ შენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა აუცილებელია, უფრო გამოცდილ და უფრო ძლიერ ფეხბურთელებთან თამაშს უნდა შეეჩვიო. ასე ხდება პროფესიული და პიროვნული განვითარება.
ქარსელაძე სანაკრებო კარიერაზეც ფიქრობს. მას სურს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვიონ. პორტუგალიის მესამე ლიგიდან ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა თუ საუკეთესო თვისებებს გამოავლენს და მისი პროგრესი შთამბეჭდავი იქნება, ეს ვარიანტიც არაა გამორიცხული, მით უმეტეს რომ რამაზ სვანაძე და მისი სამწვრთნელო შტაბი ძლიერი სკაუტინგით გამოირჩევიან და ყველა ფეხბურთელს მაქსიმალურად აკვირდებიან.
ქარსელაძეს, რომელიც „რიუ ავეს'' აღზრდილია, ამხანაგურ მატჩებში საქართველოს 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.