ალისონმა წინასასეზონო ტურნე დატოვა | ლივერპულს ინგლისში შეუერთდება
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ აზიაში წინასასეზონო ტურნეს ატარებს და ამხანაგურ მატჩებს მართავს. „მილანთან“ 2:4 მარცხის შემდეგ, „წითლები“ „იოკოჰამა მარინოსს“ დაუპირისპირდებიან, თუმცა მატჩს ალისონ ბეკერის გარეშე გამართავენ.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ბრაზილიელმა მეკარემ კლუბისგან ნებართვა მიიღო და წინასასეზონო ტურნე პირადი მიზეზების გამო დატოვა. „ლივერპულის“ ქომაგთათვის საგანგაშო არაფერია. ალისონი თანაგუნდელებს ინგლისში შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მომზადებას გააგრძელებს.
„იოკოჰამასა“ და „ლივერპულის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 14:30-ზე დაიწყება და არნე სლოტს განაცხადში ორი მეკარე ეყოლება - მამარდაშვილი და ფრედერიკ ვუდმანი. დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში გიორგი გამოჩნდება.
ცნობისთვის, „ლივერპულის“ აზიური ტურნე სწორედ „იოკოჰამა მარინოსთან“ შეხვედრით დასრულდება. 4 აგვისტოს, „წითლები“ „ენფილდზე“ ორ ამხანაგური მატჩს ჩაატარებენ და 20:00-ზე და 23:00-ზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდებიან. ახალ სეზონს კი გუნდი „ქომუნითი შილდის“ მატჩითა და „კრისტალ პალასთან“ დაპირისპირებით დაიწყებს — 10 აგვისტოს, 18:00-ზე.