500 000-დოლარიანი სანაძლეო | ცარუკიანმა თოფურია გამოიწვია
არმან ცარუკიანმა ილია თოფურია გამოიწვია და მის სუსტ წერტილებზე ისაუბრა. სომეხმა მებრძოლმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს სანაძლეო შესთავაზა და განაცხადა, რომ მზად არის, სასწორზე 500 000 დოლარი დადოს.
„შემიძლია, ნახევარ მილიონს ჩამოვიდე და თუ დამამარცხებს, ეს თანხა თოფურიას გადავცე. თუ მე მოვუგე, 500 000 მან უნდა მომცეს. თუ ილია თანახმაა, არანაირი პრობლემა არ მაქვს. შეგვიძლია, ხელი ჩამოვართვათ და ვიჩხუბოთ. თუ საკუთარ თავში 100 პროცენტით დარწმუნებულია, შეუძლია, დამთანხმდეს.
ილიას სისუსტეები? თოფურია კარგი სტრაიკერია... უფრო სწორად, კარგი მოკრივეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორც MMA-ის მებრძოლი, მასზე უკეთესი ვარ, რადგან მასზე მეტი უნარები მაქვს. ფეხით კარგად ვურტყამ, მუხლებს მშვენივრად ვიყენებ, ჭიდაობა ვიცი, კრივისა და ჭიდაობის კომბინირებას კარგად ვახდენ, გრეპლინგიც შემიძლია... ყველაფერი...
თოფურიას მხოლოდ კარგი კრივი აქვს, სულ ესაა. მის წინააღმდეგ წნეხი უნდა განახორციელო და სცადო, პარტერში გადაიყვანო. თოფურია უნდა დაღალო, რადგან ჭიდაობით სწრაფად იღლება. მისი ჩხუბები რომ ნახოთ, რომლებშიც ჭიდაობა მოუწია, მიხვდებით, რომ სწრაფად დაიღალა.“
ცნობისთვის, ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ახლახან, ილიამ განაცხადა, რომ არ სურს, მისი მომდევნო მეტოქე არმანი იყოს და ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მას ეჩხუბოს.