„ცარუკიანი თოფურიასთან ჩხუბს არ იმსახურებს“ - ჩენდლერმა მიზეზი დაასახელა
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ილია თოფურიამ და არმან ცარუკიანმა ერთმანეთის მისამართით იმდენი რამ თქვეს, რომ შერეული ორთაბრძოლების ქომაგებს მოწყენის საშუალება არ მისცემიათ. ქართველი „ელ მატადორი“ გადაჭრით აცხადებს, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრის დათმობა რომც მოუწიოს, სომეხ მებრძოლთან ოქტაგონს არ გაიზიარებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ამავე დივიზიონის მებრძოლს მაიკლ ჩენდლერს საკუთარი მოსაზრება აქვს, რომელმაც მხარი ილიას დაუჭირა:
„ცარუკიანი? მისი და ილიას ჩხუბი სრული უაზრობა იქნება და ლოგიკურია არმანთან შეხვედრას თავს თუ ვინმე აარიდებს, განსაკუთრებით კი დივიზიონის ჩემპიონი. ილია კარგად ხვდება, რომ ახლა მისთვის მთავარია ისეთი ბრძოლის გამართვა, რასაც კარგი აფიშა ექნება, არმან ცარუკიანი კი მერწმუნეთ, არავის აინტერესებს“.
ცნობისათვის, 39 წლის მაიკლ ჩენდლერთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - მას ჩხუბი 36 წლის ბრაზილიელმა რენატო მოიკანომ შესთავაზა იმ პირობით, რომ ვინც დამარცხდება, კარიერას დაასრულებს.