„ნერვიულობ?“ - კარიმ გაიხსენა, როგორ სცადა კობიზე ზემოქმედება
„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერმა, სტეფ კარიმ Complex Sports-თან ინტერვიუში გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში კობი ბრაიანტის წინააღმდეგ ე.წ. თრეშთოქს მიმართა, თუმცა „შავი მამბასგან“ ღირსეული პასუხი მიიღო.
რას ჰყვება კარი:
„ლეიკერსთან“ მატჩის მიწურულს დაახლოებით 6 ქულით ჩამოვრჩებოდით, ამიტომ დაჯარიმების ტაქტიკაზე გადავედით. როდესაც კობი საჯარიმოების სასროლად მიდიოდა, გავძახე - „რა, ნერვიულობ?“. ის, თუ როგორ შემომხედა ბრაიანტმა, არასოდეს დამავიწყდება. ჯერ ერთი, მას გაუკვირდა, რომ დამწყები კალათბურთელი მას მიმართავდა. თანაც, რა ნერვიულობაზე შეიძლება იყოს საუბარი კობის შემთხვევაში?
იმედი მქონდა, რომ ჯორდანივით თვალებდახუჭული ისვრიდა, მაგრამ მან პასუხი არ გამცა და ისე შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა, „თამაში ახალი დაწყებული გაქვს, ამიტომ უბრალოდ დამშვიდდი“.
რა თქმა უნდა, ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. ერთიც რომ გაეფუჭებინა, ამ ისტორიას ყველას მილიონჯერ მოვუყვებოდი“.
ცნობისთვის, 2009 წელს, როცა „უორიორსმა“ დრაფტზე სტეფ კარი აირჩია, კობი ბრაიანტს NBA-ში უკვე 14 სეზონი ჰქონდა ჩატარებული. რაც შეეხება მატჩს, რომელიც კარიმ გაიხსენა, ის 2009 წლის დეკემბერში გაიმართა. ბრაიანტმა მატჩი 44 ქულით, 4 მოხსნით, 11 ასისტითა და 1 ჩაჭრით დაასრულა, კარიმ კი მხოლოდ 15 ქულის, 3 მოხსნისა და 3 ასისტის დაგროვება შეძლო.