ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

ემილიანო მარტინესის ხრიკები - ფსიქოლოგიური ომი პენალტების სერიისას

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რაშიც უდიდესი წვლილი „ალბისელესტეს“ მეკარემ, ემილიანო მარტინესმა შეიტანა. ამ უკანასკნელმა კოლო მუანის უმნიშვნელოვანესი ბურთი აუღო და პენალტების სერიაში გმირის სტატუსი დაისაკუთრა. „ალბისელესტეს“ გოლკიპერმა რამდენიმე ხრიკი გამოიყენა, რომელთა წყალობითაც, თერთმეტმეტრიანების დამრტყმელ ფრანგ მოთამაშეებზე წნეხი განახორციელა.

ბურთი ზუსტად პენალტის ნიშნულზე უნდა იდოს

„არბიტრო, ბურთი ნიშნულზე არ დევს“, - ემილიანო მარტინესი ამ ფრაზას ხშირად იყენებს და მსაჯს აიძულებს, შეამოწმოს, ბურთი სად დევს, რაც პენალტის დამრტყმელს ხელს უშლის და მასზე გავლენას ახდენს. საფრანგეთთან რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მარტინესმა მსაჯს მიუთითა, შეემოწმებინა, ბურთი სად იდო.

საუბარი მეტოქეებთან

ემილიანო მარტინესი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან, რომლებიც პენალტის დასარტყმელად მიდიან, საუბარს არ ერიდება. 2021 წელს, კოლუმბიის წინააღმდეგ გამართული თერთმეტმეტრიანების სერიისას, მარტინესმა იერი მინას ამ სიტყვებით მიმართა: „ნერვიულობ, ნერვიულობ! ხესუს (მსაჯი), ბურთი ნიშნულზე წინ დევს“. რეფერი ბურთის მდებარეობას ამოწმებს და წესების დარღვევას ვერ ხედავს, რის შემდეგაც მარტინესი ამბობს: „ჰო, ჰო, ვითომ ვერ შეამჩნიე“. ამის შემდეგ, იგი მინას უბრუნდება: „ვიცი, საითაც დაარტყამ და აუცილებლად ავიღებ. შეგჭამ ძმაო“. არგენტინელმა პირობა შეასრულა და კოლუმბიელი მცველის დარტყმა მოიგერია. მარტინესმა ეს იარაღი ფრანგებთანაც გამოიყენა. კოლო მუანის პენალტისას, საქმე იქამდე მივიდა, რომ მთავარმა არბიტრმა, მარჩინიაკმა ჯერ ხელი ჰკრა, რათა მას მუანისთან საუბარი შეეწყვიტა, შემდეგ კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

გულშემატკივრებზე თამაში

მოგერიებული პენალტის შემდეგ, მარტინესს ემოციების შეკავება არ სჩვევია და საკუთარ წარმატებას პრაქტიკულად ყოველთვის აღნიშნავს. სპორტის ფსიქოლოგების მიხედვით, ამით ის თავდაჯერებულობას აჩვენებს და მისი აღნიშვნის ხილვის შემდეგ, მომდევნო პენალტის დამრტყმელი უფრო მეტად ნერვიულობს. გარდა ამისა, მისი ემოციური აღნიშვნები გულშემატკივრებს დამატებით მუხტს აძლევს.

წნეხი მეტოქეზე

თერთმეტმეტრიანის დამრტყმელისგან ბურთის შორს გადაგდება უპატივცემულობის გამოხატულებად ითვლება და ამ ქმედების ავტორები მსაჯისგან ყვითელ ბარათს იღებენ ხოლმე. ჩუამენის პენალტისას, ემილიანომ სწორედ ეს გააკეთა და ფრანგ ფეხბურთელს ბურთის მოტანა მოუწია. ფსიქოლოგთა მიხედვით, ეს მეტოქეზე წნეხის განხორციელების მეთოდია, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელზე ნამდვილად იმუშავა.

მეტოქე გუნდის მეკარეები

მარტინესის მიზანია, მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებმა არ გააკეთონ ის, რასაც თავად აკეთებს. 2022 წელს, კარაბაოს თასის ფინალში, რომელშიც „ლივერპულმა" „ჩელსის" პენალტების სერიაში სძლია, „წითლების“ მეკარეს, კუივინ კელეჰერს საკუთარი კარიდან ბურთი თავად გამოჰქონდა, რათა კეპა არისაბალაგასთვის „ლივერის“ ფეხბურთელებზე რაიმე სახის ზეწოლის მოხდენის საშუალება არ მიეცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გერმანული კომპანიის, Neuro11-ის ინიციატივა ყოფილა, რომელიც „ლივერპულმა“ ფსიქოლოგიური საკითხების გასაუმჯობესებლად დაიქირავა. საფრანგეთთან შეხვედრაში ემილიანო მარტინესმა იგივე გააკეთა და უგო ლორისი კეპას მსგავს როლში იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: “მარტინესის მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგაა“
აგენტი: “მარტინესის მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგაა“