„ვილიარეალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ტოტენჰემის მწვრთნელი
ხვალ, ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ფრანკმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც „ვილიარეალის“ შემადგენლობის მიმართ სიმპათია ვერ დამალა.
რა თქვა ფრანკმა:
„ჩემი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე? ამას მოუთმენლად ველი. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა ჩემთვის დიდი მომენტი იქნება. მაგრამ ახლა მთავარი გუნდის მომზადებაა.“
„ხვალინდელი დღე ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. ადრე ჩემპიონშიფში, ბრენტფორდთან ერთად „გრიფინ პარკზე“ პატარა სტადიონზე ვთამაშობდით, ხვალ კი ჩემპიონთა ლიგაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვითამაშებთ.“
„მჯერა, რომ ფანტასტიკური გუნდი მყავს და ტურნირზე შორს წასვლა შეგვიძლია. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს თითოეულ თამაშში ვაჩვენოთ. „ვილიარეალი“ ძალიან კარგი გუნდია, როდესაც მათ თამაშს ვსწავლობდი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებული სტარტი გვქონდეს. ჩვენთვის ეს კარგი გამოწვევა იქნება.“
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „ვილიარეალის“ დაპირისპირება 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.