ითამაშებს თუ არა ხვიჩა ატალანტასთან - ფრანგული მედია ახალ ცნობებს ავრცელებს
ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe წერს, რომ ქართველი შემტევის დაზიანება სერიოზული არ არის და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კვარაცხელია ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში ითამაშებს, სადაც პსჟ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება.
L’Equipe-ის ინფორმაციით, ხვიჩას დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, სადაც დადგინდა, რომ მას წვივის არეში მსუბუქი დაზიანება აქვს, რაც თამაშში ხელს არ შეუშლის. თავის დაზღვევის მიზნით, კვარამ გუნდის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და ხვალ, „ატალანტასთან“ მატჩისწინა ვარჯიშს სრულფასოვანი დატვირთვით ჩაატარებს. გამოცემა ამტკიცებს, რომ ტკივილის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურისთვის პარიზული გუნდის განაცხადში იქნება, თუმცა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს, თუ სათადარიგოთან, ეს ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლანსის“ წინააღმდეგ მატჩში 30-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დებიუტში, ქართველი ვარსკვლავის წინააღმდეგ იუხეშეს, რის შემდეგაც კვარამ კიდევ 25 წუთი ითამაშა, თუმცა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ხვიჩას ტრავმის ეპიზოდი:
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ლანსს“ 2:0 მოუგო. 4 ტურის შემდეგ, პარიზული გუნდი სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. პარიზელებს მომდევნო შეხვედრა 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ წინააღმდეგ ელით. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.