ფლორენტინო პერესი, ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

„ასეთი ინიციატივები მიუღებელია“ - რეალის განცხადება ინფანტინოს იდეაზე

მადრიდის „რეალი“ ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილების კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. „სამეფო კლუბი“ ინფანტინოს გადაწყვეტილება მოიწონა, რომლის მიხედვითაც, ფიფას პრეზიდენტმა უეფა-ს ბოიკოტის შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა.

რა წერია „რეალის“ განცხადებში:

„საფეხბურთო კლუბი „რეალ მადრიდი“ მაღალ შეფასებას აძლევს ფიფას გადაწყვეტილებას, უარი თქვას თავისი შეჯიბრებების ჩატარების კომერციული უფლებების შემოთავაზებულ ნაწილობრივ გაყიდვაზე. ჩვენი კლუბი მიიჩნევს, რომ ეს კარგი ამბავია ფეხბურთისთვის, მისი ორგანიზაციებისთვის და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საყვარელი სპორტის მილიონობით გულშემატკივრისთვის.

„რეალ მადრიდი“ მადლიერებას გამოხატავს უეფას, კონფედერაციებისა და ფედერაციების, ასევე ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მტკიცედ და პასუხისმგებლობით გამოვიდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ. მათმა ერთიანობამ და მოვალეობის გრძნობამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთი დაიცვა.

კლუბები ის საძირკველია, რომელზეც საერთაშორისო შეჯიბრებები და მსოფლიო ჩემპიონატი შენდება. სწორედ ისინი პოულობენ, წვრთნიან, ავითარებენ და აწვდიან ეროვნულ ნაკრებებს მოთამაშეებს, რომელთა წყალობითაც ეს დიდი ტურნირები შესაძლებელი ხდება. საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრებები და მსოფლიო ჩემპიონატი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენები და მემკვიდრეობაა, რომელიც ერებს, გულშემატკივრებს და მთლიანად საზოგადოებას ეკუთვნის. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მათ არ უნდა მოვეპყროთ როგორც უბრალო ფინანსურ აქტივებს, რომლებითაც ვაჭრობა მხოლოდ მცირე ჯგუფის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს.

„რეალ მადრიდი“ გადაჭრით ეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას, გაიყიდოს ტურნირებიდან მისაღები სამომავლო კომერციული შემოსავლები ისე, რომ არ იქნას გათვალისწინებული ამასთან დაკავშირებული ხარჯები და რისკები. სწორედ კლუბები ატარებენ ამ ტვირთს და ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია ფეხბურთიდან სამომავლო შემოსავლების მითვისებისკენ (მათი მიღებისთვის პასუხისმგებლობის აღების გარეშე), მიუღებელია და აღარასოდეს უნდა იქნას განხილული.

ეს ის პრინციპია, რომელსაც „რეალ მადრიდი“ ეროვნულ დონეზეც თანმიმდევრულად იცავს. ჩვენი კლუბი წინ აღუდგა და არ მიიღო მონაწილეობა იმ ოპერაციაში, რომლის ფარგლებშიც ლა ლიგამ აიღო ვალდებულება, კერძო ფონდ CVC-ს ინვესტიციის სანაცვლოდ, 50 წლის განმავლობაში კლუბების აუდიოვიზუალური პროდუქციიდან მისაღები სამომავლო შემოსავლების პროცენტი გადაერიცხა. იმ კლუბების კუთვნილი შემოსავლების დაგირავება, რომლებიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველა ხარჯსა და რისკს საკუთარ თავზე იღებენ, ქმნის პრეცედენტს, რომელიც არ უნდა განმეორდეს არც ესპანურ ფეხბურთში და არც საერთაშორისო ასპარეზზე“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ინფანტინომ საფეხბურთო ოჯახის ნდობა დაკარგა“ - უეფას განცხადება
„ინფანტინომ საფეხბურთო ოჯახის ნდობა დაკარგა“ - უეფას განცხადება