„ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს“ - ლევანდოვსკი იამალზე
ლამინ იამალის საფეხბურთო ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ ექსპერტები და გულშემატკივრები ხშირად საუბრობენ. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მსგავსი დონის მოთამაშე დიდი ხანია არ გამოჩენილა. თუმცა, რაღა თქმა უნდა იამალის თაობაზე ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მის თანაგუნდელებს აქვთ და ამ მხრივ საინტერესო იყო რობერტ ლევანდოვსკის კომენტარი, რომელმაც ახალგაზრდა თანაგუნდელზე საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა.
რას ამბობს ლევანდოვსკი
პირველად ლამინის თამაში როდესაც ვნახე, 15 წლის იყო. სეზონის ბოლო ნაწილი იყო და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები „ლა მასიას“ მოთამაშეებს აკვირდებოდნენ. მახსოვს მის წინააღმდეგ გამოცდილი მარცხენა მცველი თამაშობდა, რომლის წინააღმდეგაც ლამინმა გააკეთა ყველაფერი, რაც მოუნდა. მინახავს ბევრი უსაზღვროდ დიდი პოტენციალის ფეხბურთელი, თუმცა მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად დრო სჭირდებოდათ, მას კი არანაირი დრო არ სჭირდება. იამალის მსგავსი ნიჭიერი ფეხბურთელი არასოდეს შემხვედრია.
ცნობისათვის, „ბარსელონა“ – „ვალენსიას“ გუშინდელი შეხვედრა ლამინ იამალმა ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკი ცვლილებაზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა დროის სიმცირის მიუხედავად, დუბლის შესრულება მოასწრო.