არველაძე კვიპროსში? - ომონია მის დანიშვნაზე ფიქრობს
„ჰალ სიტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ შესაძლოა, კვიპროსული კლუბი ჩაიბაროს. ამ ინფორმაციას Omonianews-ი ავრცელებს და იუწყება, რომ „ომონია“ ნილ ლენონის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
როგორც ირკვევა, კვიპროსული კლუბი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ერთ-ერთი მათგანი არველაძეა. „ომონიას“ მისი კანდიდატურა შესთავაზეს და „დედოფალი“ არჩევანს უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტიმ“ შოთა არველაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 30 სექტემბერს გაათავისუფლა. კლუბის მმართველის, აჯუნ ილიჯალის განცხადებით სანაკრებო პაუზისას კლუბის წარმომადგენლები შოთა არველაძეს რამდენჯერმე შეხვდნენ, რის შემდეგაც გამოიკვეთა, რომ მხარეების აზრები არ ემთხვეოდა. სწორედ ამიტომ, მათ თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
ცნობისთვის, შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის იანვარში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით „ჰალმა“ 30 შეხვედრა გამართა: 9 მოგება, 6 ფრე, 15 მარცხი. „ომონიას“ რაც შეეხება, კლუბი ევროპა ლიგაზე ასპარეზობს და 4 ტურის შემდეგ, 0 ქულა აქვს. კვიპროსის ჩემპიონატში კი 9 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.