Gazzeta: იუვენტუსმა თვალი მამარდაშვილს დაადგა
ტურინის „იუვენტუსი“ „ვალენსიადან“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატებით ინტერესდება. გავლენიანი იტალიური გამოცემა, La Gazzeta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბის სკაუტები სამშაბათს „სევილიასა“ და „ვალენსიას“ თამაშს დაესწრნენ და „მამარდას“ თამაშს ახლოდან მიადევნეს თვალი.
რა წერია სტატიაში:
ტურინის „იუვენტუსმა“ „ვალენსიას“ 22 წლის მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს დაადგა თვალი. სამშაბათს, სპორტულმა დირექტორმა, ფედერიკო ჩერუბინიმ თავისი თანამშრომლები „სევილიასა“ და „ვალენსიას“ მატჩზე გაუშვა, მათ კი ქართველი მეკარის თამაში ლაივში იხილეს.
ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას თანამემამულის მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესი საკმაოდ სერიოზულია. არ არის გამორიცხული, რომ „ბიანკონერიმ“ მეკარე უახლოეს თვეებში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც დაიმატოს. მათი ამჟამინდელი მეკარე, ვოიცეხ სჩესნი ამ დროისთვის საიმედოა, მაგრამ უკვე 32 წლისაა და კონტრაქტი წელიწადნახევარში ეწურება. ამის გამო, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელები უკვე აქტიურად იწყებენ მისი შემცვლელის მოძიებას, ერთ-ერთი რეალური ვარიანტი კი გიორგი მამარდაშვილია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, დღეისთვის კი ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრად ითვლება. საერთო ჯამში 22 წლის მეკარემ „ღამურებში“ 31 შეხვედრა ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა.