„ედი ჰაუს ტაქტიკას იდეალურად მოერგება“ - ნიუკასლს ზურიკოს შეძენას ურჩევენ
ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ნიუკასლთან“ დაახლოებული სააგენტო Chroniclelive.co.uk „კაჭკაჭების“ სატრანსფერო გეგმებზე წერს. გამოცემის ჟურნალისტი სტიუარტ ჯემისონი სავარაუდო ტრანსფერებს განიხილავს და მის ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „სენტ-ეტიენის“ შემტევი, ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა.
სტატიაში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კონკურენტებთან შედარებით, ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად ნაკლებია, რაც „ნიუკასლს“ მომგებიან სიტუაციაში ჩააყენებს, მისი პროფილის ფეხბურთელი კი ედი ჰოუს ტაქტიკას იდეალურად მოერგება.
რა წერია სტატიაში:
„ნიუკასლის“ სახელს ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ - ბრაიან მბეუმოს, ენტონი ელანგას, ჟოაო პედროს. ყველა მათგანი პრემიერ ლიგის გამორჩეული ტალანტია, თუმცა საკმაოდ მაღალ ფასად არიან შეფასებულები, ნიუკასლს კი ბოლო ტრანსფერების გამო გარკვეული შეზღუდვა დაუწესდა და კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან მოსალოდნელია, რომ ტრანსფერებზე საკმაოდ მცირე თანხა დაიხარჯება.
თუმცა, არსებობს ერთი მოთამაშე, რომლის შესახებაც „ნიუკასლის“ მთავარმა სკაუტმა, სტივ ნიკსონმა და მწვრთნელებმა ყველაფერი იციან. ამ ზაფხულს, ის მხოლოდ 15 მილიონ ევროდ არის ხელმისაწვდომი და ამავდროულად, ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია.
ეს ფეხბურთელი ქართველი ვინგერი, ზურიკო დავითაშვილია, რომელიც „სენტ-ეტიენის“ ლიგა 2-ში გავარდნის შემდეგ გუნდის დატოვებას აპირებს. ის სეზონიდან-სეზონამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
24 წლის ფეხბურთელს მისი გუნდის დაქვეითების შემდეგ ახალი გამოწვევის მიღება სურს, „სენტ-ეტიენი“ კი მზადაა მას 15 მილიონ ევროდ შეელიოს.
გასულ სეზონში დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, რომელმაც 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა კარგმა თამაშმა ყურადღება საფრანგეთისა და თურქეთის რამდენიმე კლუბისგან მიიპყრო.
ვინაიდან, მას პრემიერ ლიგური გამოცდილება არ აქვს, კლუბში მისი მოყვანა გარკვეული რისკიც იქნებოდა, მაგრამ სტატისტიკისა და სტილის თვალსაზრისით, ის არის ფეხბურთელი, რომელიც ედი ჰოუს ტაქტიკას კარგად მოერგება.
დავითაშვილს თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია, თუმცა ვინაიდან მემარჯვენეა, ძირითადად მარცხენა ფლანგზე გხვდება. გასულ სეზონში მან ლიგა 1-ის მხოლოდ 1 თამაში გამოტოვა და ისიც ავადმყოფობისა და არა ტრავმის გამო.
„ნიუკასლ იუნაიტედის“ ხელმძღვანელებმა ტრანსფერების დროს ჭკვიანურად უნდა იმოქმედონ. კლუბის სკაუტები ბრწყინვალედ იცნობენ ფრანგულ გუნდებს. გაბერილი ფასების გადახდის მაგივრად, შეუძლიათ იდეალურ თანხად ისეთი ფეხბურთელის ყიდვა, რომელიც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში უწყვეტობას უზრუნველჰყოფს.
ბუნებრივია, რის არ იქნება მთავარი ტრანსფერი, რომლებსაც გულშემატკივრები ეძებენ, მაგრამ თუ მოინდომებს და „ნიუკასლს“ წარმატებას მოუტანს, ის მაშინვე იქცევა ფანების საყვარელ ფეხბურთელად.
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში „სენტ-ეტიენის“ მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა გუნდმა სეზონი 30 ქულით, მე-17 პოზიციაზე დაასრულა და ლიგა 2-ში დაქვეითდა.