„მისი თანაგუნდელები ქანდაკებებს ჰგვანან“ | ზლატანმა მესი დაიცვა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდა და ლიონელ მესის გუნდი 4:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გააკეთა და „ლა პულგას“ თანაგუნდელები გააკრიტიკა.
„მესიმ წააგო? არა, არა. ნუ ლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი მესის ბრალი იყოს. მესის არ წაუგია, ინტერ მაიამიმ წააგო. ნანახი გაქვთ ლეო რა გუნდში თამაშობს? მისი თანაგუნდელები ქანდაკებები არიან. მესი რომ ნამდვილ გუნდში იყოს — პსჟ-ში, მანჩესტერ სიტიში ან რომელიმე დიდ კლუბში — ნამდვილ ლომს ნახავდით.
მესი მხოლოდ იმიტომ თამაშობს, რომ ფეხბურთი უყვარს და კვლავინდებურად შეუძლია ის, რასაც ფეხბურთელთა 99 პროცენტი ვერ აკეთებს. პრობლემა ისაა, რომ მისი თანაგუნდელები არიან მოთამაშეები, რომლებიც ისე დარბიან, თითქოს ცემენტის ტომრებს მიათრევენ.
ინტერ მაიამის არ ჰყავს მწვრთნელები, არ ჰყავს ვარსკვლავები, არ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ესმით, უბურთოდ როგორ იმოძრაონ და თქვენ მესის აბრალებთ? რონალდუს, მბაპეს, ჰოლანდისა და ზლატანის გუნდში რომ თამაშობდეს, მერე შეგიძლიათ ილაპარაკოთ, მაგრამ ახლა - არა! მესი მესია და დღეს მას არ წაუგია - ინტერ მაიამიმ წააგო“.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ბაიერნია“, რომელმაც „ფლამენგოს“ 4:2 მოუგო.