და მაინც, ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია - იტალიური გამოცემა ესპანეთთან მატჩს იხსენებს
იტალიურ პრესაში „დინამო ბათუმის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბარი არ წყდება. ამჯერად, ახალგაზრდა ტალანტზე ნეაპოლური გამოცემა, Napolipiu წერს და ხვიჩას დახასიათებასთან ერთად, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩს იხსენებს.
„კი მაგრამ ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია? ნაპოლის ქომაგები ამ შეკითხვას საკუთარ თავს ხშირად უსვამენ და მათ ტონში ირონიაც შეინიშნება. პარტენოპეის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო გიუნტოლიმ დაადასტურა, რომ კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი გახდება. მას ოფიციალურ სტატუსზე არაფერი უთქვამს, მაგრამ მის სიტყვებში აშკარა იყო, რომ ყველაფერი დასრულებულია.
ხვიჩა კვარაცხელია 21 წლის ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფართო პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილია, რადგან აქამდე, მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ასეთი ნიჭიერია, ტოპ დონის ევროპული კლუბი ჯერ არ უპოვია, თუმცა რუბინისა და საქართველოს ნაკრებში ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობდა.
2021 წლის 28 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული მატჩი კვარაცხელიას ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. შეხვედრა თბილისში ჩატარდა და ფურია როხამ 2:1 იმარჯვა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს საქართველო კვარაცხელიას გოლით იგებდა. იმ მატჩში, რომელიც ესპანეთის კარნახით მიდიოდა, ნაპოლის ახალი ტალანტმა თავი მნიშვნელოვან ეპიზოდებში გამოიჩინა.
კვარაცხელია მოკლე მონაკვეთზე დრიბლინგის უნარით გამოირჩევა, კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკური სიძლიერის მხრივ პრობლემა არ გააჩნია და გოლის ალღოც აქვს, რაც დინამო ბათუმის რიგებში შესრულებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ Canale Otto-ს პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისი თქმით, კვარაცხელიას ''ნაპოლიში'' ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი