კოცნა ლიონის პრეზიდენტისგან - ბოტაფოგოს მწვრთნელი დააბნიეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია თამამად შეიძლება ითქვას, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ – „ბოტაფოგოს“ შეხვედრაში დაფიქსირდა, სადაც ბრაზილიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ კი „ბოტას“ დამრიგებელმა უჩვეულო სამადლობელი ჟესტი მიიღო.
საქმე იმაში გახლავთ, რომ თამაშს ესწრებოდა „ლიონის“ ამერიკელი მფლობელი ჯონ ტექსტორი, რომელიც პსჟ-ის მარცხმა იმდენად გაახარა, რომ მიქს-ზონაში ჩავიდა და მაშინ, როდესაც რენატო პაივა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, მასთან მივიდა და აკოცა. მოგვიანებით კი იხუმრა, რომ ნამდვილად ერჩივნა მეუღლესთვის ეამბორა, მაგრამ სიტუაციამ ასე მოითხოვა.
ცნობისათვის, ჯონ ტექსტორს დიდი ხანია „პარი სენ-ჟერმენის“ მეპატრონესთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან კონფლიქტი აქვს, რაც სულ თავიდან სატელევიზიო უფლებების განაწილებასთან დაკავშირებული სკანდალით დაიწყო და ამ დრომდე მათ შორის ურთიერთობა არ დარეგულირებულა.