სლავენ ბილიჩი
Aa
Aa

ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით... | ბილიჩი ინგლისთან უმძიმეს მარცხზე

ერთა ლიგაზე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ხორვატიას 7 უპასუხო გოლი გაიტანა. ისტორიაში ყველაზე მძიმე მარცხის შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა მედიასთან ისაუბრა.

– ძნელია რაიმეს თქმა მსგავსი საღამოს შემდეგ, ეს ყველაზე დიდი მარცხია. მენანება გულშემატკივრები, ბავშვები, რომლებიც ესწრებოდნენ, ყველა ხორვატი გულშემატკივარი, მაგრამ, დამიჯერეთ, ჩვენთვის ყველაზე მძიმეა. სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა, ამის მოლოდინი ძნელი იყო. მათ ვერცერთ კომპონენტში გავუწიეთ კონკურენცია — აგრესიაში, ტექნიკაში, ფიზიკურ მომზადებაში. შემდეგ იკლებს თვითშეფასებაც, ფოკუსი, სურვილის მომენტი, ყველაფერი არასწორი მიმართულებით მიდის. ერთა ლიგა გამოცდად აღვიქვით, რათა გარკვეულ კითხვებზე პასუხები მიგვეღო. მივიღეთ გარკვეული პასუხები, რომლებიც ძალიან მტკივნეულია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ არის ისეთი მატჩები, როგორიც სევილიაში იყო (ესპანეთმა ხორვატიას 4:1 მოუგო), რომლებიც უნდა დავივიწყოთ, ხოლო დღევანდელი, ერთადერთი კარგი — თუმცა კარგი არაფერია — მთელი ცხოვრება უნდა გვახსოვდეს. ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს, – განაცხადა ბილიჩმა და შემდეგ დაამატა:

– მოსამზადებელ ეტაპზე მთელი დროის განმავლობაში კარგად ვვარჯიშობთ, ატმოსფერო სამუშაო და ფოკუსირებულია, ყურადღება ექცევა ყველა დეტალს. ცხადია, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა, მე ვარ მთავარი მწვრთნელი, ეს ჩემი ნაკრებია. მიუხედავად ყველა იმ სიტუაციისა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი შესაძლოა საკლუბო დონეზე არ თამაშობდეს, ეს ვერ იქნება ამხელა სხვაობის მიზეზი.

- რა უნდა შეიცვალოს დაცვაში სამ მატჩში გაშვებული 12 გოლის შემდეგ?

– ეს ვუთხარი როგორც საკუთარ თავს, ისე ყველას. არ მჯერა, რომ ინგლისი ესტონეთს 7:0-ს მოუგებდა. ეს ხორვატიისთვის მიუღებელია. ამ სიტუაციიდან მხოლოდ ფეხბურთელებს და მე შეგვიძლია გამოსვლა ესპანეთთან კარგი თამაშით. ფეხბურთის კუთხით ამ მომენტში უფრო რთული ვერაფერი იქნება, ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ხასიათი და ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ. სულელურია იმის მტკიცება, რომ ესპანეთს მოვუგებთ, მაგრამ მამაცები უნდა ვიყოთ, ენერგიით სავსენი, – დაასრულა ბილიჩმა.

ცნობისთვის, ანგარიში მერვე წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, რასაც პირველ ტაიმში ჯუდ ბელინგემის, ენტონი გორდონისა და ბუკაიო საკას გოლები მოჰყვა. მეორე ტაიმში კეინმა და საკამ დუბლები გაიფორმეს, 87-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში მორგან როჯერსმა დააფიქსირა.

სლავენ ბილიჩი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს 2006-12 წლებში წვრთნიდა. 58 წლის სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე ერთა ლიგის გათამაშების წინ დაბრუნდა, ხორვატია ჩეხეთთან სტუმრად მოგებული (1:2) მატჩის შემდეგ ესპანეთთან სტუმრად (4:1) და ინგლისთან შინ (0:7) დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები