ლუკა ლოჩოშვილი: "მადლობა ღმერთს მისი გადარჩენა შევძელი"
„აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერის“ დაპირისპირების დროს, მასპინძელთა ნახევარმცველმა ჯორჯ ტაიგლმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც კინაღამ გარდაიცვალა. მისი გადარჩენა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა შეძლო.
23 წლის უკანახაზელმა ავსტრიელ ფეხბურთელს ენა დაუჭირა და სწორედ ასე მოახერხა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. მომხდართან დაკავშირებით, CrystalSport ლუკას დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.
ლოჩოშვილი:
სათამაშო მომენტში ფეხბურთელი შეასკდა და ძალიან ცუდად დაეცა. რამდენიმე წამის შემდეგ შევამჩნიე, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. იმ წამსვე მივირბინე. როცა დავინახე მისი მდგომარეობა და თვალები მივხვდი რაშიც იყო საქმე. ასე თუ ისე გამოცდილება მქონდა და ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
ძალიან სწრაფად შევეცადე, რომ მისთვის პირი გამეღო და ენა დამეჭირა. მძიმედ იყო, ენის ბოლო ნაწილი დავიჭირე. მადლობა ღმერთს, რომ მისი გადარჩენა შევძელი. ყველაფერი კარგად დამთავრდა.. ამის შემდეგ ყველა ჩემთან მოვიდა. აღელვებული ვიყავი, ფეხბურთელზე ვფიქრობდი. მადლობას მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გმირი ვიყავი, ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე.
მომხდარს აბსოლუტურად ყველა განიცდიდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა. მისმა თანაგუნდელებმა და ექიმებმა მითხრეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და გადარჩებოდა. მოედანზე მალე დაბრუნებას და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ასეთ შემთხვევას ადრეც შევსწრებივარ. ახალ წელს, კლუბში უცნობ ადამიანს დაემართა და დავეხმარე. უბრალოდ ვიცოდი დღეს რა უნდა გამეკეთებინა და როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მადლობა ღმერთს არ დავიბენი და ყველაფერი კარგად დამთავრდა.