ლაური მარკანენი
Aa
Aa

„საქართველომ მეორე ტაიმში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ...“ - ფინელების კომენტარები

ევრობასკეტ 2025-ის 1/4 ფინალში, საქართველოს ნაკრები „რიგა არენაზე“ ფინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 14 ქულის სხვაობით, 93:79 დამარცხდა, რის შემდეგაც ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეტოქე გუნდში საქართველოსთან მატჩი შეაფასეს.

ლაური მარკარენი:

„ჩვენი დღევანდელი შესრულება ზუსტად ის იყო, რასაც მგლების ხროვისგან უნდა ელოდო. თავიდანვე ლიდერობა ვითავეთ, ცოტათი ვიხალისეთ, გულშემატკივრებიც ვასიამოვნეთ და ბოლოდ გავიმარჯვეთ. ეს წარმატება რომელიმე კალათბურთელის დამსახურება არ არის. ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია. ეს მთელი გუნდის მიღწევაა - როგორც მოთამაშეების, ისე მწვრთნელების, სტაფისა და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების.“

„დიდ შესვენებაზე ვიცოდით, რომ საქართველო არ დანებდებოდა და თამაშში დაბრუნებას ეცდებოდა. ამასთან საკმაოდ ახლოსაც იყვნენ. როდესაც 6 ქულაში შემოვიდნენ, ყველაზე რთული მომენტი იყო. უბრალოდ, ყველას დამშვიდება გვჭირდებოდა. ვიცოდით, რომ თამაშის მოგება შეგვეძლო და ერთადერთი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ბურთები მოგვეხსნა და არ დაგვეკარგა.“

„შენგელიას და ბითაძის გაძევება? ასეა ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში. ემოციები მაშინ იჩენს თავს, როდესაც შენი ქვეყნის ღირსებას იცავ. ჩემთვის, მათი საქციელი სავსებით გასაგებია.“

ელიას ვალტონენი:

„საქართველომ ყველაფერი სცადა თამაშის სცენარის შესაცვლელად. ისინი ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. როდესაც მოგვიახლოვდნენ, ნერვიულობამაც იმატა. ასე ხდება, როდესაც ასეთ უპირატესობას ანიავებ. მაგრამ როდესაც თამაშში უნდა დაბრუნებულიყვნენ, საკვანძო მომენტში შევძელით სიმშვიდის შენარჩუნება, მათ კი პირიქით.

ლასი ტუოვი (მთავარი მწვრთნელი):

„რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვარ მოთამაშეებით. შეუძლიათ ამ მომენტით ისიამოვნონ, ისინი ამას იმსახურებენ. რა თქმა უნდა, კმაყოფილები უნდა ვიყო, მაგრამ ორი თამაში დაგვრჩა და მხოლოდ ეს განსაზღვრავს, თუ როგორ ისტორიას შევქმნით. მიზანი ბოლო თამაშებში გაუმჯობესება იყო და ეს შევძელით.“

„ჩემმა გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა და ის გააკეთა, რაც საუკეთესოდ შეუძლია. ერთიანები ვიყავით და საკუთარი თავების გვჯეროდა. რა თქმა უნდა, საქართველომაც თავისი გააკეთა. მეორე ტაიმში შეტევაში დიდი ზეწოლა განახორციელა, პრესინგზე წამოვიდა და შეტევაში ბევრი ბურთი მოგვიხსნა, უფრო ინტენსიურად თამაშობდა. მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება შევძელით და საბოლოოდ, გავიმარჯვეთ კიდეც.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იყო ევრობასკეტის მეოთხედფინალში. ჩვენმა გუნდმა მერვედფინალში ტურნირის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, საფრანგეთი გამოთიშა ასპარეზობას.

ფინეთის ნაკრები ნახევარფინალში გერმანიას შეხვდება. მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს საბერძნეთისა და თურქეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯიკიჩი: “კმაყოფილი? არა მე ამაყი ვარ“
ჯიკიჩი: “კმაყოფილი? არა მე ამაყი ვარ“