„მიქაუტაძის შენარჩუნება შეუძლებელი იყო“ | რატომ გაყიდა ლიონმა გიორგი და არა ფოფანა
„ლიონის“ გენერალურმა მენეჯერმა, მიხაელ გერლინგერმა, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. იგი Actu Foot-ის სტუმარი იყო, შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, რატომ გაყიდა „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძე და არა მალიკ ფოფანა.
„შეიძლებოდა თუ არა მიქაუტაძის შენარჩუნება? სამწუხაროდ, არა. სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილი ვარ, თუ ბოლო დღეს არ ჩავთვლით. ცხრა ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი გვაკლია და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ბოლო დღეს ერთ ვარიანტს განვიხილავდით, მაგრამ პაულო ფონსეკა დარწმუნებული არ იყო და არ გვინდოდა, გუნდში ატმოსფერო დაგვერღვა.
ახალი სეზონისთვის შემოსავალი გვჭირდებოდა და ფინანსური სარგებელიც აუცილებელი იყო. რატომ გავყიდეთ მიქაუტაძე და არა ფოფანა? ორივე ფეხბურთელს ვესაუბრეთ. კლუბის პრეზიდენტი, მიშელ კანი, პირადად შეხვდა მათ და მოსაზრებები მოისმინა. ფოფანამ აგვიხსნა, რომ სურდა შეთავაზება ისეთი გუნდისგან, რომელსაც უფრო მკაფიო პროექტი ექნებოდა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ ვიცოდით, რომ მალიკს კიდევ ერთი წლით სურდა ჩვენთან დარჩენა.“
შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ მიქაუტაძე „ვილიარეალში“ გაუშვა და მის სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო მიიღო. ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბს უკვე შეუერთდა და სადებიუტო შეხვედრას მოახლოებულ უქმეებზე გამართავს.