„ვილიასა და ბუტრაგენიოს ჰგავს“ | ვილიარეალში მიქაუტაძეზე ისაუბრეს
„ვილიარეალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერნანდო როიგ ნეგუეროლესმა გიორგი მიქაუტაძე შეაქო. დღეს, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ახალწვეულები წარადგინა და ნეგუეროლესმა მიქაუტაძის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„გიორგი არის თავდამსხმელი, რომელიც ჩვენი გულშემატკივრების გულებს დაიპყრობს. ჭკვიანი ბიჭია და ვილიასა და ბუტრაგენიოს მსგავსი უნარები აქვს. ფანტასტიკური თავდამსხმელია და დარწმუნებული ვარ, ბევრ სიხარულს მოგვიტანს“.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ მიქაუტაძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს შეიძინა და ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 13 სექტემბერს შედგება. ლა ლიგის მორიგ ტურში „ვილიარეალი“ „ატლეტიკოს“ ხვდება და დიდი ალბათობით, გიორგის „როხიბლანკოსის“ წინააღმდეგ ვიხილავთ.
მიქაუტაძის ახალ გუნდს 3 ტურში 2 მოგება და 1 ფრე აქვს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს. „ვილიარეალის“ პირველი მეტოქე „ტოტენჰემია“, რომელსაც 16 სექტემბერს ეთამაშება.