„შრატი ნაკრების ფიზიოთერაპევტმა გაუკეთა“ - ახალი დეტალები მუდრიკის საქმეში
ლონდონის „ჩელსის“ უკრაინელი შემტევის, მიხაილო მუდრიკის დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. უკრაინელი ჟურნალისტის იგორ ბურბასის განცხადებით, მუდრიკის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება მელდონიუმი მას შემდეგ მოხვდა, რას ფეხბურთელს უკრაინის ნაკრებში ღეროვანი უჯრედების შრატი გაუკეთეს.
როგორც გასული წლის დეკემბერში „ჩელსის“ ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, მუდრიკის დოპინგტესტმა დადებითი შედეგი უკრაინის ნაკრების ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ აჩვენა. 16 ნოემბერს უკრაინის ნაკრები საქართველოს დაუზავდა (1:1 - კვერკველიამ ბურთი საკუთარ კარში სწორედ მუდრიკის ჩაწოდების შემდეგ ჩაჭრა), 19 ნოემბერს კი სტუმრად ალბანეთს მოუგო (2:1). მუდრიკის ორგანიზმში მელდონიუმი აღმოაჩინეს, ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ აკრძალული ნივთიერებები არასოდეს მიუღია.
რას ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი:
„უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მუდრიკმა განაცხადა, რომ მუხლის არეში დისკომფორტს განიცდის, რის შემდეგაც ფიზიოთერაპევტმა ივან პორობიამ მას გაუკეთა ძროხისგან მიღებული ღეროვანი უჯრედების შრატი, ხოლო მელდონიუმს დიდი ალბათობით სწორედ ძროხის ორგანიზმი შეიცავდა.
„ჩელსი“ უკვე ამზადებს სარჩელებს როგორც მუდრიკის, ისე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ. ლონდონური კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერის ხარჯების კომპენსაციას ითხოვს“.
ცნობისთვის, მუდრიკის სანაცვლოდ „არისტოკრატებმა“ დონეცკის „შახტარს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს. გარდა ამისა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ სასამართლოში დავა შესაძლოა „შახტარმაც“ წამოიწყოს, ვინაიდან მუდრიკის დოპინგზე ჩავარდნის გამო კლუბმა „ჩელსისგან“ ბონუსების სახით გათვალისწინებული 30 მილიონი ევრო ვერ მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ მუდრიკს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.