„მინდა აქტიური ვიყო, ევლოევთან მაინც ვიჩხუბებ" - თოფურია სამომავლო გეგმებზე
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია Eurosport-ს ესაუბრა. „მატადორმა“ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა, დეინა უაითთან შეხვედრა გაიხსენა და მოვსარ ევლოევთან შესაძლო ჩხუბსაც შეეხო.
„ვფიქრობ, ოქტაგონზე აპრილში ან ყველაზე გვიან, მაისში დავბრუნდები. დაბრუნების შემდეგ მინდა, აქტიური ვიყო. იმედი მაქვს, აპრილში ვიჩხუბებ და ივლისში კიდევ ერთ ბრძოლას გავმართავ. თუკი წონასთან დაკავშირებით, პრობლემები არ მექნება, 2022 წელს, ძალიან აქტიური ვიქნები. მინდა, ჩემ მიერ გაწეული სამუშაო და გაღებული მსხვერპლი ყველამ დაინახოს და ეს საჩემოდ გამოვიყენო.
ჩემი ერთ-ერთი ოცნება საჩემპიონო ქამრის მოპოვება და UFC-ის ღონისძიების ესპანეთში ჩატარებაა. მათ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ, მაგრამ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რათა UFC ესპანეთში ვიხილოთ. დეინა უაითმა ასეთი რამ მითხრა: „როგორც კი ტოპ 5-ში შეხვალ, ესპანეთში ჩამოვალთ.“
ევლოევთან ჩხუბს რაც შეეხება, მის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლა კვლავინდებურად მინდა. პირველი სწორედ ეს ვთქვი, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ამის დრო არაა და ეს ლოგიკურიცაა. ბრძოლის თარიღმა გადაიწია და ვფიქრობ, UFC-ის მისი უახლოეს მომავალში ჩანიშვნა სურს, რათა ჩხუბის პრომოუტირება უკეთ მოხდეს და ბევრი დაინტერესდეს. ამ ბრძოლას ისტორია უკვე აქვს და ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს.“
შეგახსენებთ, რომ ევლოევმა თოფურიასთან ბრძოლაზე უარი კორონავირუსით ინფიცირების გამო თქვა. მის ნაცვლად ილიას ჩარლზ ჟურდენის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ექიმებმა წონის კლების პროცესის შეწყვეტა მოსთხოვეს.