„ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ“ - ცარუკიანმა თოფურია შეაქო
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ამავე წონის ჩემპიონის, ილია თოფურიას სუსტი და ძლიერი მხარეები დაასახელა.
„თოფურია ძალიან ძლიერი მოკრივეა. ძლიერი და მძიმე დარტყმა აქვს, ასევე კარგად ეხერხება დარტყმისთვის საჭირო მომენტის გამონახვა. ის არ ჩქარობს, ელოდება ხელსაყრელ მომენტს და მოვლენების ფორსირებას არ ცდილობს. ეს ძალიან კარგი თვისებაა, რომელიც სპორტსმენებში იშვიათად შეგხვდებათ. თუ თოფურიამ დარტყმა გაატარა, ის პასუხის გაცემას კი არ ჩქარობს, არამედ მშვიდად და ჭკვიანურად მიჰყავს ბრძოლა - მას მაღალი საბრძოლო ინტელექტი აქვს.
ეს არის მისი ძლიერი მხარეები, ხოლო რაც შეეხება სისუსტეებს: „კლინჩში“ ის იღლება. თუ მეტოქეს სურს, წაართვას ილიას ის უპირატესობა, რაც ნოკაუტის ძალის სახით აქვს, სწორედ „კლინჩზე“ უნდა გააკეთოს აქცენტი. ილიას ძლიერ მოჭიდავეებთან არ უჩხუბია. იყო მხოლოდ ბრაის მიტჩელი, რომელმაც თოფურია პარტერში გადაიყვანა და აკონტროლებდა, თუმცა მაღალი დონის მოჭიდავედ ვერც მიტჩელი ჩაითვლება. ვფიქრობ, მე და ისლამ მახაჩევს თოფურიას პარტერში გადაყვანა და გაკონტროლება შეგვიძლია“.
ცნობისთვის, არმან ცარუკიანმა ბოლოს გასული წლის აპრილში იჩხუბა, როდესაც მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით კონტენდერების ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას მოუგო. მიმდინარე წლის იანვარში „ახალქალაქელს“ მსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბში ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბო, თუმცა ზურგის ტრავმის გამო წონის დაკლება ვეღარ მოასწრო და ბრძოლას ჩაეხსნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თოფურია-ოლივეირას ჩხუბს ცარუკიანი აზღვევდა და წონა წარმატებით ჩააბარა, თუმცა მიუხედავად ამისა, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ „ახალქალაქელის“ მომდევნო ჩხუბი სატიტულო არ იქნება.