ლუკაკუ ნეაპოლში არ ჩადის - ზაფხულში ნაპოლი მის გაყიდვას შეეცდება
რომელუ ლუკაკუსთვის სეზონი დასრულდა - ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს მისი ინფორმაციით, ბელგიელი ფორვარდი ამ სეზონში „ნაპოლის“ მაისურს ვეღარ მოირგებს, ზაფხულში კი კლუბი მის გაყიდვას შეეცდება.
ასეთი გადაწყვეტილება „პარტენოპეიმ“ მას შემდეგ მიიღო, რაც სანაკრებო მატჩების შემდეგ ტრავმირებული ლუკაკუ ნეაპოლში აღარ დაბრუნდა და გადაწყვიტა, რეაბილიტაციის პროცესი ბელგიაში გაიაროს.
„ლუკაკუმ ჯერ ამის შესახებ არ იცის. თუ ბელგიელი ნეაპოლში დაბრუნდება, კლუბის ხელმძღვანელობა და ანტონიო კონტე შეხვდებიან მას და ამ გადაწყვეტილებას აცნობენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლუკაკუ არ ნანობს, რომ მკურნალობას ბელგიაში გადის, და იტალიაში მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემდეგ დაბრუნდება, მისი მიზანია, მსოფლიო ჩემპიონატის სრულ მზადყოფნაში შეხვდეს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. „პარტენოპეისთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.