გუნდიდან მოკვეთა ემუქრება | ლუკაკუ ნაპოლის ვარჯიშზე არ გამოცხადდა
„ნაპოლიში“ მორიგი სკანდალი მწიფდება - ბელგიელმა ცენტრფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ გუნდის ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ფორვარდმა ტრავმა მიიღო და ბელგიის ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარებოდა. ამის ნაცვლად, ლუკაკუმ გადაწყვიტა, ფიზიკური კონდიციები გაიუმჯობესოს.
რომელუ ბელგიაში პირად მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობს, რაც „ნაპოლისთან“ არ შეუთანხმებია. ნეაპოლური კლუბი ითხოვდა, რომ ლუკაკუ სამშაბათს დილით ვარჯიშზე გამოცხადებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დისციპლინარული ზომების მიღებით ემუქრეობდა, თუმცა, როგორც ირკვევა, დღევანდელ ვარჯიშზე ლუკაკუ ანტონიო კონტეს განკარგულებაში არ ყოფილა.
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ რომელუ ლუკაკუ დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდა. ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ გადაწყვეტილება შესაძლო დისციპლინარული ზომების მიღების თაობაზე და ასევე გუნდში ფეხბურთელის შენარჩუნებაზე“, - აღნიშნულია „ნაპოლის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ „ნაპოლის“ მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.