ხვიჩას საგოლე პასი და პსჟ-ს გამარჯვება ენფილდზე | ენრიკეს გუნდი ნახევარფინალშია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ლივერპული ენფილდზე პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა. პარიზში ლუის ენრიკეს გუნდმა დუესა და კვარაცხელიას გოლებით 2:0 მოიგო. ასე რომ, ორი მატჩის ჯამში პსჟ-მ 4 უპასუხო გოლი გაიტანა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბაიერნსა და რეალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ დემბელემ ანგარიში გახსნა. მე-5 დამატებულ წუთზე კვარაცხელია - ბარკოლა - დემბელეს კომბინაცია გოლით დასრულდა, დემბელემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დემბელე დასახელდა.
კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები
ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად ლივერპულის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა. ქართველი ფეხბურთელების, კვარაცხელიასა და მამარდაშვილის გუნდების დაპირისპირება პსჟ-ს დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
მამარდაშვილის საუკეთესო მომენტები
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა (7 საგოლე მოქმედება). ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 13 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 8 გოლი და 5 საგოლე პასია (13 საგოლე მოქმედება).
2024-25 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასე რომ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეორე სეზონში ითამაშებს.
კახა კალაძემ მილანთან ერთად ზედიზედ სამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა (2004-05, 2005-06 და 2006-07). კვარაცხელია მეორე ქართველია ვინც ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს. ასევე, კალაძემ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (2002-03, 2006-07), თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს და თუ მოიგებს, პირველი ქართველი გახდება, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი ზედიზედ ორ სეზონში აღმართა.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ლივერპულის ქართველმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-7 მატჩი ჩაატარა (6 სასტარტოდან დაიწყო), კარი მშრალად გალათასარაისთან გასვლით და მადრიდის რეალთან საშინაო შეხვედრებში შეინახა. გალასთან აღნიშნული მატჩი ქართველი მეკარისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო იყო, სკამზე იჯდა, 56-ე წუთზე ტრავმირებული ალისონი შეცვალა. ამ მატჩში გოლი არ გაუშვა, თუმცა მოედანზე 1:0-ზე გამოვიდა და შეხვედრა თურქული კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-ს მეტოქე მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს შორის გამარჯვებული იქნება. რეალმა შინ ბაიერნთან 1:2 წააგო. მიუნხენური დაპირისპირება 15 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.