პენალტის შესრულების წესი, არასწორი კუთხური, VAR-ის მეტად ჩარევა - წესები იცვლება
Aa
Aa

პენალტის შესრულების წესი, არასწორი კუთხური, VAR-ის მეტად ჩარევა - წესები იცვლება

ფეხბურთის წესებში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ.

The Times-ის ინფორმაციით, საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭო (IFAB) განიხილავს ვიდეორეფერის (VAR-ის) უფლებამოსილების გაფართოებას. კონკრეტულად კი, საუბარია იმაზე, რომ ვიდეოასისტენტებს შეეძლებათ ჩაერიონ ეპიზოდებში, რომლებიც მეორე ყვითელ ბარათებს ან შეცდომით დანიშნულ კუთხურებს უკავშირდება.

გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს შეხვედრის მსვლელობისას დანიშნული პენალტის შესრულების წესი: თუ მეკარე დარტყმას მოიგერიებს, შეტევა დასრულებულად ჩაითვლება და შემტევ გუნდს მეტად აღარ ექნება ბურთზე რეაგირების (დამატებაზე წასვლა) უფლება.

სავარაუდოა, რომ VAR-ის ჩარევის უფლება შეცდომით დანიშნულ კუთხურებზე ფართო მხარდაჭერას მიიღებს, რადგან მსგავსი ეპიზოდები ხშირად სრულდება გოლებით და თამაშის მიმდინარეობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

რაც შეეხება მეორე ყვითელ ბარათებზე VAR-ის ჩარევას, ეს ინიციატივა საკამათოდ მიიჩნევა, რადგან ასეთ ეპიზოდებში მსაჯების გადაწყვეტილებები ხშირად სუბიექტურია. მიუხედავად ამისა, ინიციატივის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელების გაძევება მეორე ყვითელი ბარათით ხშირად გადამწყვეტ გავლენას ახდენს მატჩის შედეგზე, ამიტომ VAR-ს უნდა ჰქონდეს საშუალება, ასეთი მომენტები ამომწურავად შეაფასოს.

როგორც მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის VAR-ის გამოყენება მხოლოდ პენალტის სიტუაციის გადასამოწმებლად და ასევე წითელი ბარათის საჩვენებელ მომენტებში ხდება. სხვა მხრივ ვიდეო რეფერის არ იყენებენ.

IFAB-ის ხელმძღვანელობა ცდილობს უზრუნველყოს, რომ VAR-ის როლის გაფართოებამ თამაშში პაუზების რაოდენობა არსებითად არ გაზარდოს. თუ შესაბამისი ცვლილებები დამტკიცდება, ისინი ტესტირების გარეშე შევა ძალაში.

თუმცა, პენალტების შესრულების შემდეგ დამატებაზე წასვლის გაუქმებასთან დაკავშირებით, IFAB-ი გრძელვადიან ექსპერიმენტებს გეგმავს, სანამ არსებული წესების ცვლილებაზე გადავა.

წესების ცვლილების თაობაზე ყველა წინადადება ნოემბერში IFAB-ის სხდომაზე უნდა წარადგინონ, ხოლო ცვლილებებზე ხმის მიცემა მარტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები