დრამატული ბრძოლა და ფრე - ტორპედომ ორდაბასი გააგდო და მეორე ეტაპზეა
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახეთში „ორდაბასს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 5:4 გაიმარჯვეს და მეორე ეტაპზე გავიდნენ.
ქუთაისში გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, განმეორებითი მატჩი უფრო პრაგმატული გამოდგა, გუნდებმა დაცვაში თამაშს მეტი ყურადღება დაუთმეს. განსაკუთრებით ეს „ტორპედოზე“ ითქმის, რომელმაც პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარა და მე-13 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილის გოლით დაწინაურდა კიდეც.
თითქმის უშეცდომო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი 49-ე წუთზე სოლომონ კვერკველიას გაძევებით დაიწყო, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტში არბიტრს მისი დანდობა შეეძლო, მაგრამ ასე არ მოიქცა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია „ტორპედოს“ ნორვეგიელი ლეგიონერის ბიორნ იონსენის თამაში, რომელმაც შეტევაში უდიდესი სამუშაო გასწია.
მასპინძლებმა ზეწოლა გაზარდეს, ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ, რაც შექმნეს, თითქმის ყველაფერი ოთო გოშაძის ნადავლი გახდა.
საბოლოოდ, ჟუმაბეკმა 96-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და მომდევნო ეტაპზე „ტორპედო“ გავიდა, რომლის მეტოქე კვიპროსის „ომონია“ იქნება.