„ილიას გარდა ეს მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონია“ | კრივის ლეგენდა თოფურიას აქებს
კრივის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ტედი ატლასმა, ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ატლასის აზრით, „ელ მატადორი“ იმ მებრძოლთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც „თეთრი სახლის“ ქარდზე უნდა იჩხუბონ და მისნაირები ერთეულები არიან.
„ჩემი აზრით, თეთრი სახლის გაზონზე ილია თოფურიას ხილვა მშვენიერი იდეაა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა, კას დიამატომ, მითხრა, რომ თუ ოდესმე რომელიმე სპორტსმენს უზენაესი თვითრწმენა გაუჩნდება, შემიძლია ის უიშვიათესთა კატეგორიას მივაკუთვნო. თოფურია სწორედ მათ შორისაა.
ურთულესია დაამარცხო მებრძოლი, რომელსაც უზენაესი თვითრწმენა აქვს. პირადად მე მხოლოდ ორი ადამიანი ვიცი, ვისაც ეს ჰქონია — მუჰამედ ალი და შუგარ რეი რობინსონი. უზენაესი თვითრწმენა უნარია — ეს არის მდგომარეობა, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ ვერავინ დაგამარცხებს. საჩხუბრად გადიხარ და ბოლომდე გჯერა, რომ დედამიწაზე არავინაა, ვისაც შენი დამარცხება შეუძლია. თოფურიასა და პიმბლეტის თეთრი სახლის ქარდზე ხილვა კარგი იქნებოდა.“
შეგახსენებთ, რომ UFC-ის პირველი პირის, დენა უაითის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, ორგანიზაციის ერთ-ერთი ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართოს. დენას თქმით, UFC-ის გუნდი თეთრ სახლში უკვე იმყოფებოდა და ლოჯისტიკური საკითხები შეისწავლა.