საქართველოს ნაკრების ექს-შემტევმა ბოლნისის სიონი დატოვა
საფეხბურთო კლუბი ბოლნისის ''სიონი'' მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა სანდრო კობახიძემ დატოვეს. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ასევე, გუნდს დაემშვიდობა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი შემტევი ავთო ენდელაძე.
View this post on Instagram
34 წლის სანდრო კობახიძე ბოლნისურ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა, მან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 12 მატჩში 1 გოლი შეაგდო. ასევე 1 გოლია ენდელაძის ანგარიშზე, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
17 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 10-გუნდიან ჩემპიონატში ''სიონი'' 37 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ''გაგრას'' 2 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, კობახიძეს 2008 წლიდან მოყოლებული ''დნიპროში,'' ''კრივბასში,'' კიევის ''არსენალში,'' ლუცკის ''ვოლინსა'' და ''ვორსკლაში'' უთამაშია. 2016-17 წლების სეზონში თურქულ ''გიოზთეფეს'' სუპერლიგაში აღზევებაში დაეხმარა, თუმცა თურქეთის ელიტარულ ლიგაში არ უთამაშია, უკრაინაში დაბრუნდა და თბილისის ''ლოკომოტივში'' გადასვლამდე ''ვორსკლასა'' და ''დნიპრო-1''-ის ღირსებას იცავდა.
კობახიძემ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2006 წელს ურუგვაის წინააღმდეგ ჩაატარა, როცა მთავარი მწვრთნელი გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი იყო. 2006-17 წლებში სანდრო კობახიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 35 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლია, ამხანაგურ მატჩებში მოლდოვასა და ალბანეთს შეუგდო, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი საფრანგეთს სტუმრად ''სტად დე ფრანსზე'' გაუტანა.