ოქროს მედალი და მორიგი ლიცენზია - არქანია ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს
Aa
Aa

ოქროს მედალი და მორიგი ლიცენზია - არქანია ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

ლისაბონში გაიმართა წარმომადგენლობითი ტურნირი კარატეში - პრემიერ ლიგა, რომელიც ამ რანგის ბოლო ასპარეზობაა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე. ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა გოგიტა არქანიამ. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ყველა მეტოქეს აჯობა და 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ამასთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულები აიღო და საგზურიც დაიბევა.

მომავალმა ჩემპიონმა ფინალამდე ოთხი რთული ბრძოლა ჩაატარა: მოუგო უნგრელ, ესპანელ, ფრანგ და ირანელ მოწინააღმდეგეებს, ოქროს მედლისთვის კი აზერბაიჯანელი ასიმან გურბანლი დაამარცხა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერა. 

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი). მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძალოსნობის, ძიუდოს, ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები