Aa
Aa

რთული მატჩი - საქართველომ ესპანეთი დაამარცხა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მადრიდში 25:19 მოუგო, თუმცა მეტოქემ იმაზე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, ვიდრე ამას მოველოდით.

წინა შეხვედრის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება იყო და ეს გუნდის თამაშსაც დაეტყო.

პირველი ტაიმი ბევრისთვის მოულოდნელად თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მეტოქემ ჩვენი გაკვირვება მოახერხა.

საწყის წუთებშივე „ბორჯღალოსნები“ თორნიკე ჯალაღონიას ლამაზი ლელოთი დაწინაურდნენ. მთლიანობაში შეტევა საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. აფრასიძის გარდასახვა ზუსტი იყო - 7:0.

ესპანელებმა ზეიმიც არ გვაცადეს და გათანაბრება მალევე შეძლეს. „ბორჯღალოსნებმა“ დაცვაში შეცდომა დაუშვეს, კვესელაძეს ჩათვლის მოედანთან ბურთი ხელიდან გაუვარდა, რომელიც მეტოქემ იმწამსვე დაამიწა.

მე-15 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, საბოლოოდ კარში დარტყმა გადაწყდა, რომელიც აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა - 10:7

უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელებმა შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყეს და თამამადაც გვიტევდნენ. ტემპი მაღალი იყო.

საბოლოოდ სტუმრების აქტიურობას შედეგი მოჰყვა. ტაიმის მიწურულს ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 10:10.

მეორე ნახევრის სტარტზე მაღალი ტემპი კვლავ შენარჩუნდა.

47-ე წუთზე ესპანელებმა მორიგი ჯარიმის უფლება მოიპოვეს და 13:10- დაწინაურდნენ, თუმცა „ბორჯღალოსნებმა“ პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულეს - შარიქაძის გარღვევა ტაბუცაძის დამიწებით დასრულდა.

თედო აბჟანდაძის გარდასახვა ძელს მოხვდა - 18:13

ესპანეთის ნაკრები არ გატყდა და კიდევ ერთი ჯარიმა გაგვიტანა.

67-ე წუთზე მასპინძლებმა „ბორჯღალოსნების“ მიძალებას ვერ გაუძლეს, რაც ჯაბა ბრეგვაძის ლელოთი დასრულდა. ეს მომენტი შეხვედრაში გარდამტეხი იყო. აბჟანდაძემ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 25:16 გახდა. ესპანეთს უკვე ერთი გარდასახული ლელო აღარ ჰყოფნიდა.

მასპინძლებმა შეტევები განაგრძეს და რაც ამ შეხვედრაში ყველაზე კარგად გამოსდიოდათ, კიდევ ერთხელ გააკეთეს - ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს. ზუსტი დარტყმის შემდეგ, ანგარიში 6 ქულამდე შემცირდა და ესპანეთი თამაშში დაბრუნდა. ბოლო წუთებზე რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდათ, რომ შეხვედრა მოეგოთ, თუმცა კლასი არ ეყოთ და უხეიროდ გვიტევდნენ.

საბოლოოდ გავიმარჯვეთ, თუმცა ეს შეხვედრა უფრო მეტად პოზიტიური ესპანელებისთვის იყო, ვიდრე ჩვენთვის.

ფოტომასალა - Georgian Rugby

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები