გორგოძე WTA-ს რეიტინგში 74 ადგილით დაწინაურდა!
Aa
Aa

გორგოძე WTA-ს რეიტინგში 74 ადგილით დაწინაურდა!

ასტანას 80 000-იანი ქალთა ტურნირის ქართველმა ჩემპიონმა, ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში 74 ადგილიანი პროგრესი განიცადა და საუკეთესო 200 ჩოგბურთელში შეაბიჯა.

გორგოძემ ასტანაში მიღწეული წარმატებისათვის 115 სარეიტინგო ქულა მიიღო, ჯამში 289 ქულა მოუგროვდა და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის კლასიფიკაციის 267-ე პოზიციიდან 193-ე ადგილამდე აღზევდა. ეკოს სიახლოვეს სერიოზული სიმჭიდროვეა, იგი 180-ე ადგილს 26 ქულით ჩამორჩება, ხოლო მსოფლიოს მე-200 ჩოგანთან 11 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს.

აქამდე, ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს 255-ე პოზიცია იყო, რასაც მან 2016 წლის აგვისტოში მიაღწია.

WTA-ს რეიტინგში სულ 5 ქართველია - მარიამ ბოლქვაძე 442-ე საფეხურზეა, სოფია შაფათავა 482-ეა, სალომე დევიძეს 898-ე პოზიციაზე ყოფნა უწევს, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ბოლო დროს ერთეულებში ძალიან იშვიათად თამაშობს, 1209-ე ადგილზეა. სამაგიეროდ, წყვილთა შორის, კალაშნიკოვა მსოფლიოს 62-ე ჩოგანია.

მიმდინარე კვირაში ქართველ გოგონათაგან კორტზე მხოლოდ შაფათავასა და კალაშნიკოვას ვიხილავთ. სოფია, გერმანიის პატარა ქალაქ ჰორბიში იმყოფება, სადაც 25 000-იანი ტურნირის პირველ წრეში ადგილობრივ ანა გაბრიჩს შეხვდება. კალაშნიკოვა კი მოსკოვშია და იქაური ტურნირის წყვილთა თანრიგში ირინა მარია ბარასთან ერთად იასპარეზებს.

აქვე ვთქვათ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ, რომელიც ATP-ს დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში 81-ე პოზიციაზე იმყოფება. იგი მიმდინარე კვირაში ჰამბურგის ტურნირზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები