კარიერაში პირველად! - ეკო გორგოძე 80 000-იანი ტურნირის გამარჯვებულია!
Aa
Aa

კარიერაში პირველად! - ეკო გორგოძე 80 000-იანი ტურნირის გამარჯვებულია!

საქართველოს ნომერ პირველმა ქალმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ მიმდინარე კვირა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაატარა და იქაურ 80 000-იან ტურნირზე იასპარეზა.

როგორც წყვილთა, ასევე ერთეულთა შორის, ეკომ ფინალამდე მიაღწია. მან გუშინ წყვილთა თანრიგში, უზბეკ აკგულ ამანმურადოვასთან ერთად, გადამწყვეტი შეხვედრა დათმო, დღეს კი ერთეულთა ფინალური მატჩი გამართა.

გორგოძის მოწინააღმდეგე 23 წლის უზბეკი, საბინა შარიპოვა გახლდათ, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 144-ე პოზიციაზეა და ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი (ქართველს მე-5 განთესვა ჰქონდა).

შარიპოვას კარიერის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი რამდენიმე კვირის წინ - 25 ივნისს ჰქონდა, როცა მსოფლიოს 133-ე ჩოგანი იყო. მას ერთეულთა შორის აქამდე 13 ტიტული ჰქონდა მოგებული, მათ შორის 10 000-იანი ტურნირი 4-ჯერ, 25 000-იანი 8-ჯერ და ერთხელაც 60 000-იანი გათამაშება.

ახალგაზრდა უზბეკი ასტანაში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და პირველი წრის შემდეგ, ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა.

ეკო გორგოძე ამჟანინდელ მსოფლიო კლასიფიკაციაში 267-ე ადგილზეა. მას საუკეთესო მაჩვენებელი 2016 წლის 29 აგვისტოს ჰქონდა - 255-ე პოზიცია.

შარიპოვას მსგავსად, ქართველსაც 13 ერთეულთა ტიტული ჰქონდა მოპოვებული, თუმცა მათგან უმრავლესობა 10 და 15 ათასიანი გათამაშებები იყო. ეკომ ყველაზე დიდ წარმატებას წელს, თბილისში მიაღწია, როცა 25 000-იანი ტურნირის ჩემპიონობა დაისაკუთრა.

განვლილი ტურნირის 1/2 ფინალურ სტადიამდე, გორგოძეს სეტი წაგებული არ ჰქონდა. ფინალში გასასვლელად კი სერიოზული ბრძოლა გადახდა და ჩეხი, მარიე ბუზკოვა თითქმის 3 საათიანი დაპირისპირების შემდეგ დაამარცხა.

დღევანდელი შეხვედრა, რომლის აშკარა ფავორიტადაც შარიპოვა მიიჩნეოდა, ქართველის უპირატესობით დაიწყო და მან ბრეიკი მე-3 გეიმშივე შეასრულა, რის შემდეგაც 4:3-ზე საკუთარი ჩაწოდება დათმო და საქმე გაირთულა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მომატება შეძლო და სეტი 6:4-ით დახურა.

მეორე პარტიაში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა და ეკომ მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმის აღების საშუალებაც მისცა, ისიც მაშინ, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო - 6:4; 6:1.

გორგოძემ 1 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მას პირველი მოწოდების კარგი პროცენტი ჰქონდა და 55-დან 44-ჯერ ბურთი თამაშში პირველივე ცდით შეიყვანა,  რაც 80%-ს უდრის. პირველ მოწოდებაზე ქულების 64% (44-დან 28), ხოლო მეორეზე 45% (11-დან 5) მოიგო. ქართველმა 6 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება კი 2-ჯერ წააგო. საერთო ჯამში მოგებული ქულების თანაფარდობა - 66:47-ზე იყო.

ასე რომ, ასტანას ტურნირს ქართველი ჩემპიონი ჰყავს, რომელმაც კარიერაში 80 000-იანი კატეგორიის გათამაშება პირველად მოიგო! ეკო 115 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რითაც კარიერის საუკეთესო ნიშნულს საგრძნობლად გადააჭარბებს.

ასევე იხილეთ - გორგოძე WTA-ს რეიტინგში 74 ადგილით დაწინაურდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები