Transfermarkt-ზე მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 10 მილიონით გაიზარდა | განახლებული მონაცემები
Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. ცვლილებები „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო, ვისი ფასიც 10 მილიონი ევროთი გაიზარდა.
მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლდათ და 40 მილიონზე ავიდა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. გიორგი „ვილიარეალის“ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. Transfermarkt-ზე მასზე ძვირად მხოლოდ ალბერტო მოლეიროა შეფასებული — 50 მილიონი ევრო.
25 წლის ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგაში, საბაზრო ღირებულების მიხედვით, 32-ე ადგილს იკავებს. მიქაუტაძის გარდა, გიორგი ქოჩორაშვილის ფასიც შეიცვალა. „სევილიას“ ნახევარმცველი 4 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი Transfermarkt-ზე 4.5 მილიონი ღირს.
რაც შეეხება ლა ლიგაში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებს, გიორგი გულიაშვილის საბაზრო ღირებულება არ შეცვლილა (3.5 მილიონი ევრო). იგივე ვითარება გვაქვს გიორგი წიტაიშვილთან (3 მილიონი ევრო) და საბა საზონოვთან (800 000 ევრო) მიმართებით. ლა ლიგა 2-ში არ შეცვლილა გიორგი გოჩოლეიშვილის (2 მილიონი ევრო) და იური ტაბატაძის (1.2 მილიონი ევრო) ფასი.