მარცხი მეოთხედფინალში - გორგოძე ტოლენტინოს ჩელენჯერს გამოეთიშა
ეკო გორგოძე ტოლენტინოს ჩელენჯერის მეოთხედფინალში ესპანელ ოქსანა სელეხმეტოვას დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა.
პირველი სეტი სელეხმეტოვამ ძალიან კარგად დაიწყო და 5:0 დაწინაურდა, ეკომ კი მხოლოდ ერთი გეიმის აღება მოახერხა - 1:6.
მეორე სეტში უკვე გორგოძე გამოიყურებოდა მეტოქეზე უკეთესად და 5:1-იდან უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა, პარტია კი 6:2 მოიგო.
რაც შეეხება მესამე სეტს, სელეხმეტოვამ 2:2-ის შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნურია ბრანკაჩოსა და იულია გრაბჰერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ცნობისთვის, გორგოძე ტოლენტინოს ჩელენჯერზე წყვილებშიც ასპარეზობს. მისი და ბერძენი დესპინა პაპამიხაილის დუეტი ხვალ ანჯელიკა მორატელისა და ჯენიფერ რუჯერის წყვილს დაუპირისპირდება.