საქართველოს ნაკრების 360-წუთიანი მშრალი სერია - მამარდაშვილის გმირობა ბელფასტში
ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებები მეოთხე ტურს რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში შეხვდნენ. მაიკლ ონილის მომზადებული კრებული ერთადერთი გახლდათ უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ოთხივე დივიზიონში, რომელსაც გოლი არ ჰქონდა მიღებული, ხოლო ქართველები ჩრდილოეთ მაკედონიის, ლიხტენშტეინისა და სან მარინოს ნაკრებებთან ერთად იმ ოთხ გუნდს შორის იყვნენ, რომელსაც ბურთი არ ჰქონდა გატანილი. ამ მხრივ ამჯერადაც არაფერი შეცვლილა და უამრავი მომენტის მიუხედავად, „უინძორ პარკზე“ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.
პირველი ნახევარი მასპინძლების გამოკვეთილი უპირატესობით წარიმართა და მათ ორი მომენტიც ჰქონდათ. პირველ შემთხვევაში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელის თავური დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, ხოლო მოგვიანებით გიორგი ქოჩორაშვილის შეცდომა ლაშა დვალმა გამოასწორა და სტუმრები გაშვებული გოლისგან იხსნა. ქოჩორაშვილმა ერთ ეპიზოდში ყვითელი ბარათიც მიიღო, რის გამოც მომდევნო ტურში უნგრელებთან თამაშს გამოტოვებს. უნდა აღინიშნოს, რომ ონილის შეგირდები ყველა კომპონენტში უკეთ გამოიყურებოდნენ, თითქმის ყველა ორთაბრძოლას იგებდნენ და უფრო მწვავედაც უტევდნენ. მიუხედავად ამისა, დაწინაურება მაინც შეგვეძლო, თუმცა გიზო მამაგეიშვილის კარგი გადაცემის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის დაფარული დარტყმა მასპინძელთა მეკარემ მოიგერია.
მეორე ნახევარი რამაზ სვანაძემ ცვლილებით დაიწყო და გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად თამაშში გიორგი წიტაიშვილი ჩართო. პირველ ნახევართან შედარებით საქართველოს ნაკრები გაცილებით კარგად გამოიყურებოდა და გატანა სწორედ ცვლილებაზე შესულ წიტაიშვილს შეეძლო, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე ზურიკომ დატოვა, თუმცა გიორგის დარტყმა არ გამოუვიდა. კვარაცხელიაც გააქტიურდა და ერთ მომენტში გატანაც შეეძლო, თუმცა ჩინებული დრიბლინგის შემდეგ არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ ვიხილეთ შოუ გიორგი მამარდაშვილის შესრულებით - საქართველოს ნაკრების მეკარემ ჯერ ნოდარ ლომინაძის შეცდომა გამოასწორა, შემდეგ ერთ ეპიზოდში კიდევ ერთი ურთულესი ბურთი აიღო, ხოლო საფინალო სასტვენამდე ექვსი წუთით ადრე ისააკ პრაისის 11-მეტრიანი მოიგერია.
ცნობისათვის, ამ ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 2 ქულით ბოლო ადგილზეა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი ოფიციალურად დაკარგა. უეფას ერთა ლიგის ბოლო ორ ტურს ჩვენი გუნდი ნოემბერში ჩაატარებს. 14 რიცხვში რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდი თბილისში უნგრეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 17 ნოემბერს უკრაინელებთან საგარეო თამაშით დაასრულებს.