რატი გრიგალავა
Aa
Aa

ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი | რატი გრიგალავას პროგრესი ციფრებში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევის ბოლო მატჩს გერმანიასთან სტუმრად გამართავს (6 ოქტომბერი). მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ადამიამ  მიმდინარე სანაკრებო პაუზისას ყველა ცენტრალული მცველი ათამაშა, გამონაკლისი მხოლოდ რატი გრიგალავაა, რომელიც ლიეტუვის ჩემპიონატში პროგრესირებს და 21-წლამდე ნაკრებში ოფიციალური დებიუტის მოლოდინშია.

გასულ ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ 21-წლამდე ნაკრებმა მესამე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა, 10 ქულა აქვს და ჯგუფს მე-4 პოზიციაზე დაასრულებს.  ამ ფონზე, გერმანიასთან მატჩი რატისთვის დამატებითი საერთაშორისო გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ 20 წლისაა და მომდევნო შესარჩევ ციკლში თამაშის უფლება ექნება.

რატი ამბიციური პროექტის ნაწილია, მისი კლუბი „სუდუვა’’ ლიეტუვის ჩემპიონობისთვის იბრძვის, მეორე ადგილზეა და ლიდერ „კაუნო ჟალგირისს'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. სანაკრებო პაუზისას, რატის არყოფნაში, „სუდუვა'' ლიდერთან შეხვედრისთვის ემზადება, ამხანაგურ მატჩებს მართავს და თუ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სანაკრებო პაუზისას სათამაშო დროს ვერ მიიღებს, „სუდუვას“ მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ბუნებრივად უფრთხილდება გუნდის ტონუსს, შესაძლოა ჩათვალოს, რომ სათამაშო პრაქტიკამოკლებული ფეხბურთელი გადამწყვეტი შეხვედრისთვის სათანადო მზადყოფნაში არაა.

გრიგალავა ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მეორედაა, პირველად ივნისში გამოიძახეს, რამაზ სვანაძემ მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩში ცვლილებაზე ათამაშა (29 წუთი) და დებიუტი გოლით აღნიშნა.


„დინამო თბილისის’’ აკადემიის აღზრდილმა 2025 წლის სეზონი ფოთის „კოლხეთში’’ გაატარა, 19 მატჩი ჩაატარა (1 341 წუთი), 5 ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, თუმცა ზამთარში კარიერა ლიეტუვის „სუდუვას’’ დაუკავშირა და მიმდინარე სეზონში დიდი პროგრესი აჩვენა.

რატი ათლეტურია, 1,88 მ. სიმაღლისაა, მემარჯვენეა, თუმცა ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს.

2026 წლის სეზონის პირველ ნახევარში რატი „სუდუვას“ როტაციაში იყო, თუმცა ივლისიდან მისი როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში ის არამხოლოდ გუნდის, არამედ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად ჩამოყალიბდა. ლიეტუვის Toplyga-ში ბოლო 10-დან 8 მატჩში 90 წუთი ითამაშა. ჯარიმის ზღვარზე თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რაზეც ის ფაქტი მიუთითებს, რომ აღნიშნულ მატჩებში ყვითელი ბარათი არ მიუღია. ასევე, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.


აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: ლიეტუვის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

 „აგვისტოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად 20 წლის ქართველი რატი გრიგალავა დასახელდა, რომელმაც ტრავმირებული მოთამაშეები შესანიშნავად ჩაანაცვლა. ცენტრალურმა მცველმა აგვისტოს თვე ოთხი მატჩით (ყველა 90 წუთი), ერთი გოლით, საგოლე გადაცემითა და თავდაცვაში კარგი თამაშით აღნიშნა’’ - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საინტერესოა, რომ აღნიშნული 4 მატჩიდან „სუდუვამ’’ ყველა მატჩი მოიგო და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, რაც რატის საიმედო თამაშზე მიუთითებს.

რატი ერთ-ერთი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ლიეტუვის Toplyga-მ გასახდელის კადრები გაავრცელა.

ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში ხუთჯერ მოხვდა.  Sofascore-ის ვერსიით ოთხჯერ (მე-13, 26-ე, 27-ე და 29-ე), ლიეტუვის ჩემპიონატის, Toplyga-ს ოფიციალური გვერდის ვერსიით - ერთხელ (31-ე ტური).

Transfermarkt-ი 2025 წლის მიწურულს 100 000 ევროდ აფასებდა, მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით მისი საბაზრო ღირებულება 150 000 ევრო გახდა. ივნისის შემდეგ საბაზრო ღირებულება არ განახლებულა. ბოლო თვეებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რატი საფეხბურთო ოჯახიდანაა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გია გრიგალავა რატის ბიძაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო ლიდერია - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დერბიში
დინამო ლიდერია - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დერბიში