„მოგებას ვიმსახურებდით, თამაში არ უნდა გაგვეხსნა“ - ონილის ორმაგი განწყობა
ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრების წაუგებელი და გოლგაუშვებელი საოცარი სერია გრძელდება. მაიკლ ონილის მომზადებულმა მოთამაშეებმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ნულოვანი ყაიმი ითამაშეს. ვერგამოყენებული მომენტების, განსაკუთრებით კი 11-მეტრიანის გამო, მასპინძლების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ონილი იმედგაცრუებული იყო, თუმცა საერთო ჯამში განვლილ ოთხ მატჩში შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილება ვერ დამალა.
მაიკლ ონილი
ვერ მოვიგეთ. არადა, ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში საკმარისი გავაკეთეთ და 3 ქულას ვიმსახურებდით, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მეორე ტაიმს უნდა მივაქციოთ. თამაში იმაზე მეტად გავხსენით, ვიდრე გვსურდა, მეტოქეს კი მაღალი კლასი გააჩნდა. ოთხივე მატჩს თუ შევაფასებთ, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ ახლა 8 ქულა გვექნებოდა და ლიდერები ვიქნებოდით, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებაზე დაუფიქრებლად ხელს მოვაწერდი.
მთავარი პრობლემა ჩემი აზრით ის გახლდათ, რომ თამაში ზედმეტად ადრე გავხსენით და ზედმეტად ადრე დავიწყეთ გამარჯვების მოპოვებაზე ზრუნვა. მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრები მუდამ მოგებას გვთხოვენ, მაგრამ ალბათ ცოტა მეტი პრაგმატულობა გვმართებდა და ამ თამაშის მეორე ტაიმი სამომავლოდ გაკვეთილად გამოგვადგება.
შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულით ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ოთხივე დივიზიონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია.