„მიზანი უცვლელია, ევრო 2028-ზე უნდა გავიდეთ“ - სვანაძემ მატჩი შეაფასა
რამაზ სვანაძემ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლი ერთი კვირის წინ შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით გამართული სამი მატჩიდან გუნდმა ორი ნულოვანი ფრით დაასრულა, ხოლო ერთში, სტუმრად უნგრეთთან 0:1 დამარცხდა. დღეს, ბელფასტში გამართულ მატჩში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა მარცხთან უფრო ახლოს ქართველები იყვნენ და გიორგი მამარდაშვილს 11-მეტრიანი რომ არ მოეგერიებინა, შესაძლოა ასეც მომხდარიყო. „ჯვაროსნების“ ახალგაზრდა დამრიგებელმა პრესკონფერენციაზე მატჩი შემდეგნაირად შეაფასა
რამაზ სვანაძე
ახალი სტილით, ახალი ტაქტიკით ვთამაშობთ და ამ ყველაფრის დახვეწას ბუნებრივია დრო სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თამაშია გოლი ვერ გაგვაქვს, რამდენიმე პოზიტივის დანახვა ნამდვილად შეიძლება. თუნდაც ის, რომ ოთხივე მატჩში დაცვის ხაზმა ძალიან ცოტა შეცდომა დაუშვა და მეორე ნახევარში ისეთ ძალისმიერ და პრესინგის მოყვარულ გუნდთან, როგორიც ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებია, ბურთი დავიჭირეთ, თუმცა ვისურვებდი, რომ მსგავსი სურათი რაც შეიძლება ხშირად გვეხილოს და ამ ყველაფერს სტაბილური სახე მიეცეს.
ჩვენი მიზნები არ იცვლება - ამოცანად გვქონდა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ ნოემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება. რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვართ იმის გამო, რომ ამდენი ხანია გოლი არ გაგვიტანია, მაგრამ ამასაც გამოვასწორებთ.
შეგახსენებთ, რომ ოთხ ტურში დაგროვებული 2 ქულით საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ბოლო ადგილზეა და პირველ ადგილზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგული აქვს. მომდევნო მატჩს რამაზ სვანაძის მომზადებული ფეხბურთელები 14 ნოემბერს, თბილისში უნგრელებთან ჩაატარებენ, ჯგუფურ ეტაპს კი 17 ნოემბერს, უკრაინელებთან საგარეო თამაშით დაამთავრებენ.