უნგრელებმა რევანში აიღეს - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება უკრაინასთან
უნგრეთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის საწყის ორ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ, მდგომარეობის გამოსწორება შეძლო და თუ რამდენიმე დღის წინ ბუდაპეშტში საქართველოს ეროვნული გუნდი დაამარცხა, ამჯერად სტუმრად უკრაინელებს, სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში 2:1 მოუგო და შინ განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აუღო.
უკრაინელთა იტალიელი დამრიგებელი ანდრეა მალდერა ამ უმნიშვნელოვანეს თამაშს სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო მიკოლენკოს, მიხაილიჩენკოს, მატვინენკოს, სუდაკოვის, შაპარენკოს, ზუბკოვისა და სიკანის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, უკრაინელები შესვენებამდე უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს, რის გამოც მეორე ტაიმის დასაწყისში მილან ტოტიმ დასაჯა და 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მართალია 83-ე წუთზე რომან იარემჩუკმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მასპინძლების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა და ზუსტად ორ წუთში, მარკ ჩინგერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ცნობისათვის, ოთხ ტურში დაგროვებული 7 ქულით უნგრეთის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა, ლიდერ ჩრდილოეთ ირლანდიას მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეზე მყოფ უკრაინას 3 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში მარკო როსის მომზადებული მადიარები 14 ნოემბერს, თბილისში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ იასპარეზებენ.