შანხაის მასტერსი | ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი შეხვედრა მსოფლიოს 195-ე ჩოგანთან, ანდრე ილეგენთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა — 6:3, 6:7(1), 7:5.
ბასილაშვილმა პირველი სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქისთვის ბრეიკპოინტიც არ მიუცია, თავად კი 3-დან 1 შანსი გამოიყენა და საწყისი პარტია 6:3 დახურა. ნიკამ მეორე სეტი შესანიშნავად დაიწყო და პირველ სამ გეიმში ორი ბრეიკი შეასრულა, თუმცა მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა.
0:3-ზე ილეგენმა ბასილაშვილის ჩაწოდება აიღო, 2:3-ზე კი კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ამერიკელმა ჩოგბურთელმა 7:1 მოიგო. მესამე სეტში, 4:3-ზე ნიკოლოზმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე აწვდიდა, თუმცა ილეგენმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა — 5:5. ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი მოწოდება აიღო, 6:5-ზე კი მატჩპოინტი ხელიდან აღარ გაუშვია.
ცნობისთვის, ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს კანადელი ჩოგბურთელის, ლიამ დრაქსლის დამარცხება დასჭირდება. ეს მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყება.