ცხრა ჩემპიონი და დავითაშვილის სარეკორდო - 39 მედალი სარაევოდან
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გამართული ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს წარმომადგენლებმა საოცარი შედეგით დაასრულეს. ქართველმა სპორტსმენებმა 9 ოქროს, 13 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მათ აქტიური სპორტული კარიერის მანძილზე გულმხურვალედ ქომაგობდნენ, ახლაც დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს.
ამჯერადაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ალექსი დავითაშვილი (+100 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანამემამულე ომარ მეტრეველი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებს შორის საიუბილეოდ და სარეკორდოდ, მეათედ გახდა. ბოსნიაში კიდევ სამი ქართული ფინალი ვიხილეთ, სადაც მინდია ლილუაშვილმა ლევან ჩუბინიძე, გიორგი პაპუნაშვილმა ლევან კაპანაძე, ხოლო შოთა ჟორჟოლიანმა ლაშა ტაველური დაამარცხა. ჩემპიონის ტიტული დიმიტრი მულაძემ - ფრანგი ალექსანდრ მარკოსის, გივი ნადარეიშვილმა - ყაზახი დაურენ ალდინაზას, პაატა მერებაშვილმა - ბრაზილიელი კიკე ალბუკერკეს, პაატა ღვინიაშვილმა - ჩეხი მიხელ ჰორაჩიკის, ადამ ოქრუაშვილმა კი ინგლისელი იუსეფ ალფაჯარის ძლევით მოიპოვა.
ცნობისათვის, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები თანამემამულეებთან ფინალში დამარცხებული ლევან ჩუბინიძის, ზვიად კაპანაძის, ლაშა ტაველურის და ომარ მეტრეველის გარდა, ბადრი ბედიანაშვილი, გოგიტა მენთეშაშვილი, გიორგი შუკვანი, შოთა ოქროპირიძე, ვალერიან ჟორჟოლიანი, დევიკო გობეჯიშვილი, ნოდარ ბერიანი, ზვიად წიკლაური და ეკა გაზდელიანი გახდნენ. საპრიზო მესამე ადგილი კი, ნუკრი მიღრიჯანაშვილმა, იოსებ მარგიანმა, გიორგი ნასყიდაშვილმა, ივანე ქურასბედიანმა, ირაკლი კუპატაძემ, ბადრი ბასოშვილმა, კახა ცაგარელმა, ნიკა ხუციშვილმა, დათო მეშველიანმა, გივი შარიაშვილმა, თომა თავზარაშვილმა, დავით ლორიაშვილმა, ზაზა დავაძემ, გეგი თამლიანმა, ელდარ მესხიშვილმა, ბექა წყალობაშვილმა და ეკატერინე ასლანძიამ დაიკავეს.