წყალბურთი | მეორე მოგება, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა
პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში მიმდინარე 20-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა წყალბურთელებმა ფინეთის ნაკრები დამაჯერებლად, 14:7 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვა და მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობა. პირველი პერიოდი ქართველებმა 3:2 მოიგეს, მეორე – 3:2, მესამე – 4:1, ხოლო მეოთხე – 4:2.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ივა ჭუბაბრია იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. ლუკა ხურცილავას ანგარიშზე 3 გოლია, ხოლო სანდრო იობიძემ, ნიკოლოზ ყურაშვილმა და გიორგი აბესაძემ 2-2 გოლი გაიტანეს. ლაშა-გიორგი ხუციანიძემ ერთი ბურთი დაამატა.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი გამარჯვება და ერთი მარცხია. ახალგაზრდა წყალბურთელები მომდევნო შეხვედრას 13 აგვისტოს ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.