ხუთი სპორტსმენის ექვსი მედალი - წყალში მხტომელთა ტრიუმფი
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული წყალში მხტომელთა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს წარმომადგენლებმა ბრწყინვალე შედეგით დაასრულეს. ჩვენი ქვეყნის სახელით შეჯიბრებაში ხუთი სპორტსმენი გამოვიდა და მათ საერთო ჯამში ექვსი მედალი მოიპოვეს, რითაც როგორც გულშემატკივრებზე, ასევე ტურნირის ორგანიზატორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
ქართველმა სპორტსმენებმა უმაღლესი სინჯის მედალი ორ დისციპლინაში მოიგეს და ორივეში ალექსანდრე ცხომელიძე ფიგურირებდა - ის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჯერ სამმეტრიან ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში გიორგი წულუკიძესთან ერთად დუეტში გამოსვლის შედეგად დაგროვებული 251 ქულით ავიდა, ხოლო შემდეგ სამმეტრიან ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომაში 444,80 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამავე დისციპლინაში ვიცე-ჩემპიონი - წულუკიძე (444,20 ქულა), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი კოკა საკანდელიძე (437 ქულა) გახდა.
ცნობისათვის, კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს ერთმეტრიან ტრამპლინიდან ხტომაში თეკლა შარიამ (212 ქულა) და თორნიკე ონიკაშვილმა (293) მოუტანეს.