ორი ჩემპიონი და საოცარი ბრძოლები - პარატაეკვონდოისტების 12 მედალი
გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა 12 მედლით დაასრულა, რაც მართლაც უდიდესი წარმატებაა. ანა ჯაფარიძის ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, რომელიც კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა, არაპარალიმპიურ კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ანდრეი სლეპცოვმაც მოიპოვა.
გუშინდელი საშეჯიბრო დღე მხოლოდ სლეპცოვის წარმატებით არ შემოფარგლულა - ლაშა ტყემალაძემ (-80 კგ) - პარალიმპიურ, გიორგი ზარქუამ (-80 კგ) და გოგა ხახალაშვილმა (-70 კგ) კი არაპარალიმპიურ კატეგორიაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო მარიამ კენკებაშვილი (-65 კგ), გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ) და გიორგი ხიზანიშვილი (-70 კგ, არაპარალიმპიური კატეგორია) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ანა ჯაფარიძის გარდა, წარმატებას ნატა ოჩიგავამ, ლიკა ჩაჩიბაიამ, სანდრო მეგრელიშვილმა და მარიამ ნინიაშვილმაც მიაღწიეს, რომელთაც საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.