გერმანიის საფეხბურთო ნაკრები, დენიზ უნდავი
Aa
Aa

„კვირაში 100 ევროს უხდიდნენ, ახლა კი მუნდიალზე ბრწყინავს“ - უნდავის გზა წარმატებამდე

კოტ-დ’ივუარის კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ „შტუტგარტის“ ფორვარდი, დენიზ უნდავი გახდა ისტორიაში მეორე გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალზე თავის პირველ ორ შეხვედრაში თავის გამოჩენა შეძლო. პირველმა ეს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიროსლავ კლოზემ გააკეთა. ეს ნამდვილად შესაშური მიღწევაა, თუმცა დენიზის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა არა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა, არამედ პროფესიულ დონეზე თამაშიც კი მისთვის ძალიან თამამი ოცნება იყო.

„ბუნდესტიმში“ მოხვედრამდე დენიზ უნდავი გერმანიის ქვედა ლიგებში თამაშობდა, მუშაობდა ქარხანაში და უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ურთულესი გზა გაიარა. 17 წლის ასაკში დენიზი კვირაში 100 ევროს სანაცვლოდ გერმანიის მეოთხე, ნახევრად პროფესიონალურ ლიგაში თამაშობდა და ფეხბურთს ქარხანაში 8-საათიან სამუშაო ცვლებს უთავსებდა.

„როდესაც 14 წლის ვიყავი, „ვერდერში“ მითხრეს, რომ ფიზიკურად სუსტი ვიყავი და ჩემგან ფეხბურთელი ვერ დადგებოდა. ამან გული ძალიან მატკინა, თუმცა იმედი არ დამიკარგავს. მშობლები და ოჯახი მივატოვე და 17 წლის ასაკში „ჰაველზეში“ გადავედი, პარალელურად კი ყოველდღე, 8 საათის განმავლობაში ქარხანაში, ლაზერის აპარატზე ვმუშაობდი.

დილის 4 საათზე ვდგებოდი და ქარხანაში მივდიოდი, ცვლის დასრულების შემდეგ ვჭამდი და სავარჯიშოდ გავრბოდი, სახლში კი საღამოს 8 საათზე ვბრუნდებოდი. მომდევნო დღეს კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ასე ორი წელი ვიცხოვრე, თუმცა ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი: ავტობუსის გაჩერებიდან ქარხანამდე 40 წუთი ფეხით უნდა მევლო. ამ დროს არაერთი თანამშრომელი ჩამიქროლებდა ხოლმე მანქანით, თუმცა არავინ გაჩერებულა, რომ სამსახურამდე მივეყვანე. არადა, ავტომობილით ამ გზას 5 წუთში გაივლიდი.

ფეხით დავდიოდი, მათ შორის ზამთარშიც, და ვფიქრობდი: „ერთ ქარხანაში ვმუშაობთ, ერთმანეთს ხომ უნდა ვეხმარებოდეთ?“.

მაშინ ეს სამსახური მჭირდებოდა, იმიტომ რომ მხოლოდ ფეხბურთიდან მიღებული შემოსავლით ვერ ვირჩენდი თავს. ალბათ, ქარხანაში რომ დავრჩენილიყავი, ახლაც იქ ვიმუშავებდი და მაინც ბედნიერი ვიქნებოდი. თუმცა, ის ფაქტი, რომ ჩემი ჰობი პროფესიად იქცა, ძალიან მახარებს“.

კარიერული წინსვლა

2020 წელს უნდავი ბელგიის მეორე ლიგის ბინადარ „უნიონში“ გადავიდა და მომდევნო წელს გუნდი უმაღლეს დივიზიონში აღზევდა, სადაც დენიზმა 25 გოლი გაიტანა.

ამას მოჰყვა ტრანსფერი „ბრაიტონში“, თუმცა პრემიერლიგაში გატანილი მხოლოდ 5 გოლის შემდეგ დენიზი „თოლიებმა“ „შტუტგარტში“ გაანათხოვრეს, 2024 წელს კი გერმანულმა კლუბმა მისი ტრანსფერი გამოისყიდა.

გასულ სეზონში უნდავმა ბუნდესლიგაში 19 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში კი მას მხოლოდ ჰარი კეინმა გაუსწრო. თუმცა მიზანი მიღწეული იყო - იულიან ნაგელსმანმა დენიზი მუნდიალზე წაიყვანა.

მუნდიალი

ბოლო წლებში გერმანიის ნაკრების შეტევის ხაზში ძლიერი კონკურენციაა, ამიტომ ნაგელსმანმა მუნდიალზე ოთხი ფორვარდი წაიყვანა - კაი ჰავერცი, ნიკ ვოლტემადე, მაქსიმილიან ბაიერი და დენიზ უნდავი.

პირველ ტურში დენიზი მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, როცა გერმანია კურასაოს 4:1-ს ამარცხებდა. თუმცა უნდავი მისთვის მიცემულ შანსს სრული სერიოზულობით მოეკიდა და მატჩი გოლითა და ორი ასისტით დაასრულა.

კოტ-დ’ივუართან მატჩში არაერთი ექსპერტი დენიზს ძირითად შემადგენლობაში ელოდებოდა, თუმცა ნაგელსმანს სხვა გეგმა ჰქონდა. უნდავი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა და თამაშში ბოლო 30 წუთით ჩაერთო, როცა „ბუნდესტიმი“ 0:1-ს აგებდა. რვა წუთში უნდავმა ანგარიში გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლი გაიტანა და გერმანიას ჯგუფში პირველობა გაუნაღდა.

მიგრანტების შვილი

დენიზ უნდავის ისტორია მიგრაციის, კულტურული სიმდიდრისა და პიროვნული ტრიუმფის ისტორიასაც მოგვითხრობს. ქურთების ოჯახში გაზრდილი დენიზი ახლა გერმანიას ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ასპარეზზე წარმოადგენს, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ ფეხბურთზე არაა - დენიზ უნდავის განვლილი გზა მაგალითია იმისა, რომ ოცნებები ხდება, მათი ასრულებისთვის კი დაუღალავი შრომაა აუცილებელი.

უნდავი იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ისტორიაც გულს გიჩქარებს და გაიძულებს, სპორტის ამ სახეობის ძალის კიდევ ერთხელ ირწმუნო. უნდავი არის იმედი - იმედი იმისა, რომ ნიჭი, რომელიც ვერ ან არ შენიშნეს, შრომითა და თავდადებით სინათლისკენ გზას მაინც იპოვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმების გამო შეწყვეტილი სიმფონია - ტომაშ როსიცკის უიღბლობის ამბავი
ტრავმების გამო შეწყვეტილი სიმფონია - ტომაშ როსიცკის უიღბლობის ამბავი