ბითაძე: “ხალი სეზონის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ველოდები“
„ორლანდო მეჯიქის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ახალ სეზონს კარგ განწყობაზე ხვდება. NBA-ის სეზონის დაწყებამდე ქართველმა კალათბურთელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და როგორც სანაკრებო ზაფხული, ისე კლუბში არსებული გარემო შეაფასა.
ბითაძის თქმით, საქართველოს ნაკრებში ზაფხულის პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო. ქართველმა ცენტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხიდან სამი მატჩის მოგება მნიშვნელოვანი შედეგი იყო.
ბითაძე:
„ეროვნულ გუნდში საკმაოდ დატვირთული ზაფხული მქონდა. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხიდან სამ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა. სპორტის მიღმაც შევძელი ოჯახთან დროის გატარება, კარგად დავისვენე და ახლა ახალი სეზონის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ველოდები“.
ქართველმა კალათბურთელმა „ორლანდოში“ არსებულ სამუშაო გარემოზეც ისაუბრა. მისი თქმით, გუნდის წევრებს საკუთარ პასუხისმგებლობებზე მკაფიო წარმოდგენა აქვთ და მთავარი მწვრთნელი თითოეული მოთამაშისგან მაქსიმალურ თავდადებას მოითხოვს:
„კალათბურთელებს სრულად გვაქვს გააზრებული ჩვენი საქმე და დროს ტყუილად არავინ კარგავს. მწვრთნელი ყველასგან ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს და შეცდომის შემთხვევაში შენიშვნას პირდაპირ, პირადად მისგან იღებ. ნებისმიერი მოთამაშისთვის სწორედ ასეთი მიდგომაა სასურველი.
ჩემი მიზანი უცვლელია — გუნდის წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ. მნიშვნელობა არ აქვს, თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დავიწყებ თუ სათადარიგოთა სკამიდან, ყველაფრისთვის მზად ვარ. კლუბში ამას ხედავენ და აფასებენ. ძალიან მიხარია აქ ყოფნა და მინდა, კლუბსა და ამ ქალაქს მათი თანადგომისთვის მადლობა ჩემი შრომით გადავუხადო“,
– აღნიშნა ქართველმა ცენტრმა.
ცნობისთვის, „ორლანდო მეჯიქი“ სეზონის დაწყებამდე პირველ ამხანაგურ მატჩს 8 ოქტომბერს „მემფის გრიზლთან“ გამართავს. გუნდისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა კი 22 ოქტომბერსაა დაგეგმილი, როდესაც ბითაძის გუნდი „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება.