სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„იმედია, კუთხეებიდან ბევრ სამქულიანს ჩავაგდებ“ | მამუკელაშვილის მედია დღე

სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელის რანგში მედია დღე გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „მამუმ“ ახალ გუნდზე, მოლოდინებსა და გეგმებზე ილაპარაკა.

სად ხედავს საკუთარ თავს „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“

„ვფიქრობ, გუნდს უნივერსალურობას ვძენ. ჩემი მიზანი მეტოქის დაცვის გაწელვა და დამაკავშირებელი კალათბურთელის როლის მორგებაა. მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, თანაგუნდელებს ენერგიას შესძენს და დაცვიდან შეტევაში ბურთს სწრაფად გადაიტანს. ამ ყველაფერთან ერთად, იმედია, კუთხეებიდან ბევრ სამქულიანსაც ჩავაგდებ“.

რას ნიშნავს „ლეიკერსში“ ყოფნა და გუნდთან გრძელვადიანი კონტრაქტის ქონა

„ეს დაუჯერებელია. არ მგონია, სიტყვებით გადმოვცე, რას ვგრძნობ. როდესაც დრაფტის 54-ე ნომერი ხარ, ერთი შეცდომა შესაძლოა, ლიგის მიღმა დარჩენად დაგიჯდეს. რთული გზა გავიარე. „სან ანტონიო სპურსმა“ შანსი მომცა და ვიბრძოლე, რომ აქ ვყოფილიყავი. „ლეიკერსის“ მაისურის ჩაცმა არის ის, რაზეც ვოცნებობდი და რის მანიფესტაციასაც ვახდენდი. აღფრთოვანებული ვარ და ერთი სული მაქვს, მსოფლიოს ვაჩვენო, რა საკალათბურთო არსენალი მაქვს. მადლობა „ლეიკერსს“, რომ ეს შანსი მომცა. მათ ჩემი სჯერათ და შემიძლია, პარკეტზე გავიდე და NBA-ის ნამდვილი კალათბურთელი ვიყო“.

„ლეიკერსის“ შემადგენლობა და კონკურენცია

„ვმუშაობთ, ვთამაშობთ და შემიძლია გითხრათ, რომ გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა. ყველა კალათბურთელს რაღაც დასამტკიცებელი აქვს და სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით. თავდაუზოგავად მშრომელი მოთამაშეები გვყავს და თითოეული მათგანი საქმეს მთელი სერიოზულობით უდგება. ვარჯიშების შემდეგ ვრჩებით და ა.შ. ყველამ იცის, მოსაგებად რამხელა სამუშაოა საჭირო და ძალიან მინდა, ეს ყველაფერი პარკეტზე სწრაფად ვაჩვენოთ“.

კობი ბრაიანტის ტატუ და რას ნიშნავს „ლეიკერსში“ თამაში

„კობი ბრაიანტს, როგორც კალათბურთელსა და მენტორს, უდიდეს პატივს ვცემდი. მის ინტერვიუებს ყოველთვის ვკითხულობდი და მის ვიდეოებს ვუყურებდი. კობის მენტალიტეტს ვბაძავდი და ვცდილობდი, მისნაირად მეფიქრა: არ არსებობდა გეგმა ბ, იყო მხოლოდ გეგმა ა და ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა, რათა ის შეგესრულებინა.  კობი საოცარი კალათბურთელია და „ლეიკერსი“ მსოფლიოში უდიდესი საკალათბურთო ორგანიზაციაა. საქართველოში, სადაც NBA-ის თამაშების ყურება რთული იყო, „ლეიკერსის“ მატჩების ნახვა მაინც შეიძლებოდა. კობის დიდი ფანი ვარ და სწორედ ამან მიბიძგა, მისი ტატუ გამეკეთებინა. ამ სპორტში Mamba Mentality („მამბას მენტალიტეტი“) უმნიშვნელოვანესია“.

„ლეიკერსთან“ გაფორმებულ 4-წლიან კონტრაქტზე

„ეს ძალიან კარგია, მაგრამ NBA-ში არ გაქვს უფლება, თავი კომფორტულად იგრძნო. როგორც კი თავს კომფორტულად იგრძნობ, რეგრესი დაგეწყება. 4-წლიანი კონტრაქტი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ყველა თამაშში უნდა დავამტკიცო, რა შემიძლია. არ მინდა, ვიყო ადამიანი, რომელიც მიღწეულით კმაყოფილია. მინდა, უფრო მაღალ დონეზე ავიდე, გავიმარჯვო და რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ვიყო. საამისოდ საჭიროა, ყოველთვის მზად იყო, რომ პარკეტზე მაქსიმუმი გაიღო. ვფიქრობ, აქ სწორედ ამ დამოკიდებულებამ მომიყვანა“.

ლუკა დონჩიჩი და ესმის თუ არა მისი უკეთ, რადგან ლუკას სამშობლოში იმყოფებოდა

„კი, ვიტყოდი, რომ ასეა. სამშობლოში ყოფნისას ადამიანები სხვანაირები არიან. იმედი მაქვს, ერთ დღეს ბიჭები საქართველოში ჩამოვლენ და ნახავენ, ჩემი ქვეყანა როგორ მიყვარს და ჩემთვის რამდენს ნიშნავს. ნახავენ ადგილებს, სადაც გავიზარდე, სკოლას, რომელშიც დავდიოდი, სად ვცხოვრობდი და ა.შ. ლუკამ ბევრი დეტალი გაგვიზიარა და საინტერესო ადგილები დაგვათვალიერებინა. რა თქმა უნდა, ეს გვეხმარება, მის კულტურასთან ახლოს მივიდეთ და უკეთ გავუგოთ“.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი და „ლეიკერსი“ NBA-ის ახალი სეზონისთვის მომზადებას იწყებენ. 6 ოქტომბრიდან მათ პრესეზონის თამაშები ელოდებათ, ხოლო რეგულარულის პირველ შეხვედრას თბილისის დროით 22 ოქტომბერს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოგება გვინდოდა, მაგრამ…“ - კვარაცხელია უკრაინასთან მატჩზე
„მოგება გვინდოდა, მაგრამ…“ - კვარაცხელია უკრაინასთან მატჩზე